ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, ჯასტინ გეიჯი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ალბათ, მხოლოდ მაკგრეგორი“ - გეიჯის მომდევნო მეტოქეებში ილია არ არის

ბევრი თვლის, რომ მათემატიკა ორთაბრძოლებში არ მუშაობს, მაგრამ UFC-ის მოქმედი ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ჯასტინ გეიჯი სხვა აზრზეა.

ამერიკელის თქმით, ის ვერ ხედავს ჩარლზ ოლივეირასა და მაქს ჰოლოუეისთან რევანშის აღების აუცილებლობას, რადგან მან ილია თოფურიასთან ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც მანამდე ორივე მათგანი ნოკაუტში გაგზავნა.

„სინამდვილეში, ახლა მკაფიო პრეტენდენტი არ არსებობს. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ოლივეირა ან ჰოლოუეი, მაგრამ რადგან თოფურიამ ორივე დაამარცხა, უბრალოდ ჩავთვლი, რომ ამ გზით მეც გავუსწორდი მათ. ასე რომ, ალბათ, მხოლოდ მაკგრეგორი. საინტერესო იქნებოდა მისი გაჩუმება.

ახლა უჩვეულო მდგომარეობაში ვარ. ადრე ყოველთვის იყო ჩემპიონი, რომელსაც მივდევდი. ახლა ჩემპიონი მე ვარ და უბრალოდ უნდა დავიცვა და შევინარჩუნო ის, რაც მაქვს. მე არ ვუყურებ კონკრეტულ მეტოქეებს. ვიცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებს ჩემამდე მოსვლა სურთ. ასეთია ეს თამაში. და მესმის, რომ შემდეგი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იქნება.

არმან ცარუკიანს ოლივეირასთან უნდა ებრძოლა, ახლა ის სხვა მეტოქეს ებრძვის, ასე რომ, წინ რამდენიმე დიდი ბრძოლაა, რომლებიც გადაწყვეტს, ვინ გახდება ჩემი შემდეგი მეტოქე“,

- განაცხადა „ჰაილაითმა“ Paramount-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ გეიჯიმ თავის სავარაუდო მომდევნო მეტოქეებში ილია თოფურია საერთოდ არ ახსენა. ამერიკელი რემატჩზე არც კი ფიქრობს.

ჩემპიონმა ასევე დაადასტურა, რომ ტიტულს 2027 წლამდე არ დაიცავს, თუ კარიერა საერთოდ არ დაასრულა.

„ყველაფერი ფურცელზე ჩამოვწერე და ჯერ კიდევ უნდა ავწონ-დავწონო ყველა პლუსი და მინუსი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე ვრჩები მებრძოლად მანამ, სანამ ამის კეთებას არ შევწყვეტ. შინაგანად ვგრძნობ, რომ მორიგი ბრძოლის ალბათობა ახლა ისეთივეა, როგორიც ყოველთვის იყო, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას ძალიან ვარ დამოკიდებული ჩემს გუნდსა და ოჯახზე.

როდის დავასრულებ კარიერას? წარმოდგენა არ მაქვს. რამდენი ბრძოლა დამრჩა? წარმოდგენა არ მაქვს. პირველივე დღიდან ყოველთვის ერთი ბრძოლიდან მეორისკენ მივდიოდი. და გავაგრძელებ ასე მოქმედებას, ვენდობი რა ჩემს გუნდს, რომელთანაც ყველაფერს განვიხილავთ, როცა დრო მოვა“,

- შეაჯამა გეიჯიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები