მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, თი ჯეი დილაშოუ
Aa
Aa

დილაშოუ: მერაბის ყოველ ჯერზე შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მაინც იანისკენ ვიხრები

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში, თი ჯეი დილაშოუმ, გააზიარა თავისი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ ჩაივლის ამ უქმეებზე პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის ტრილოგიის დასკვნითი დაპირისპირება, რომელშიც რუსი მებრძოლი საჩემპიონო ქამარს დაიცავს.

„ვფიქრობ, მეორე ბრძოლაში იანს ყველა კითხვაზე მოეძებნა პასუხი. ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მისი დაცვა თეიქდაუნებისგან საოცარი იყო. მერაბისნაირი მებრძოლისთვის უწყვეტი ზეწოლა და თეიქდაუნების განხორციელება გამარჯვების გასაღებია, მაგრამ თუ მეტოქის წაქცევას ვერ ახერხებ და ერთ წარუმატებელ მცდელობას მეორე მოსდევს, შენ იმაზე მეტად დაიღლები, ვიდრე მებრძოლი, რომელიც ამ მცდელობებისგან თავს იცავს, თუნდაც ფიზიკურად უკეთ იყო მომზადებული.

ვნახოთ, იმოქმედა თუ არა მერაბზე იმან, რომ ერთ წელიწადში ოთხი ბრძოლა ჩაატარა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იანს უბრალოდ ბრძოლის სწორი გეგმა ჰქონდა და ის მართლაც მაგრად გამოიყურებოდა“,

- თქვა დილაშოუმ გამოცემა MMA Junkie-ს სპორტულ მიმომხილველთან, მაიკ ბონთან საუბრისას.

წინა ბრძოლაში რუსი მებრძოლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კორპუსში დარტყმები გახდა და ამერიკელი მიიჩნევს, რომ ეს იარაღი ქართველმა მებრძოლმაც უნდა გამოიყენოს.

„მას შეუძლია იანის კორპუსში არანაკლებ იმუშაოს, ვიდრე იანი მუშაობდა მის კორპუსზე, და შესაძლოა, მეტიც კი. ამისთვის მას საკმარისი გამძლეობა აქვს და ვფიქრობ, რომ მისი გამარჯვების გზა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მოქმედება ერთიან კომბინაციებში კიდევ უფრო უკეთ დააკავშიროს.

მიმაჩნია, რომ თეიქდაუნის ორმოცი მცდელობა ნორმალურია. მათი გამოყენება საჭიროა მაშინაც კი, თუ წაქცევის დასრულება ვერ ხერხდება. იმიტომ, რომ მეორე ბრძოლაში მას კონტროლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ის აქცევდა იანს, მაგრამ ეს უკანასკნელი კვლავ ფეხზე დგებოდა. ამ ორმოცი მცდელობის გამოყენება როგორც მატყუარა მოძრაობების, შესაძლებელია. მათი ისევე გამოყენებაა საჭირო, როგორც ჯების. თეიქდაუნის ასეთი მცდელობები შეიძლება ჯებივით ეფექტური იყოს, რადგან ისინი მეტოქეს რიტმიდან აგდებენ“,

- დასძინა დილაშოუმ.

რაც შეეხება პიოტრ იანს, დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი არ ფიქრობს, რომ რუს მებრძოლს ტაქტიკის შეცვლა სჭირდება, გარდა იმისა, რომ კორპუსში დარტყმებზე კიდევ უფრო დიდი აქცენტი უნდა გააკეთოს.

„იანის გამარჯვების გზა იმაში მდგომარეობს, რომ კორპუსში დარტყმები გააგრძელოს. ის ჯებით ძალიან კარგად მუშაობდა. შესანიშნავად იყენებდა მარცხენა ფეხით დარტყმებს ცაციას დგომიდან. ზუსტად იგივეს კეთება უნდა გააგრძელოს, რადგან ეს მშვენივრად მუშაობდა.

ასევე აუცილებელია თეიქდაუნებისგან დაცვის იმავე დონეზე შენარჩუნება. მერაბი ფეხებში მაინც შევა. ის ამაში ძალიან მაგარია. შეუძლებელია მისი ყოველ ჯერზე შეჩერება. ვისურვებდი, რომ იანს მეორე ბრძოლასთან შედარებით, კორპუსზე კიდევ უფრო მეტი ემუშავა“,

- განმარტა დილაშოუმ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, თი ჯეი დილაშოუ მიიჩნევს, რომ რუსი მებრძოლი თავისი ტიტულის წარმატებით დაცვას შეძლებს და პრინციპული ტრილოგიის გამარჯვებული გახდება.

„მე იანის გამარჯვებისკენ ვიხრები. ეს მძიმე ბრძოლა იქნება. ნამდვილად მძიმე. ვფიქრობ, წინა ჯერზე მას ყველა კითხვაზე მოეძებნა პასუხი, ასეთი გამარჯვებები კი თავდაჯერებულობას მატებს. მას ჰქონდა მარცხები, მაგრამ ისინი საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი იყო. ის მინიმალური სხვაობით აგებდა, ბოლო ბრძოლამ კი, ჩემი აზრით, მას უდიდესი თავდაჯერებულობა შემატა იმაში, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი აუცილებელი გააჩნია.

მან მერაბის სტილზე პასუხი იპოვა, მიხვდა, თუ როგორ დაუპირისპირდეს მის გამძლეობას. ამიტომ მე იანის გამარჯვებისკენ ვიხრები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საოცარი ბრძოლა გველის. მერაბი არასდროს გაჩერდება და მის დასამარცხებლად მისი სათანადოდ ცემა იქნება საჭირო“,

- შეაჯამა ამერიკელმა მებრძოლმა.

პიოტრ იანისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში დაგეგმილი UFC 333-ის ტურნირის რიგით მეორე მთავარი მოვლენა იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები