გამოძიება დასრულდა - NBA-მ კავაი ლეონარდი და კლიპერსი დასაჯა
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ მხრიდან კავაი ლეონარდთან დაკავშირებით სახელფასო ზღვარის გვერდის ავლის საქმეზე გამოძიება დაასრულა.
„კლიპერსმა“ დრაფტის პირველი რაუნდის 5 არჩევანი დაკარგა (2029-33 წლები), კლუბის მფლობელი სტივ ბალმერი კი 30 მილიონი დოლარით დაჯარიმდა.
NBA-მ დაადგინა, რომ ბალმერი კავაი ლეონარდს დამატებითი შემოსავლის მიღებაში ეხმარებოდა. კერძოდ, კლუბი კალათბურთელს სხვადასხვა კომპანიის გავლით უხდიდა ფულს: კომპანიები კავაი ლეონარდთან სასპონსორო კონტრაქტებს აფორმებდნენ, თუმცა კალათბურთელი არანაირ სარეკლამო აქციებში არ მონაწილეობდა.
ბალმერმა და „კლიპერსის“ პრეზიდენტმა ჯილიან ცუკერმა ერთწლიანი დისკვალიფიკაციები, ხოლო საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა ლოურენს ფრენკმა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ „კლიპერსი“ კავაი ლეონარდის ბიძასა და ყოფილ აგენტს, დენის რობერტსონს უკანონო თანხებს ურიცხავდა, რისთვისაც კალათბურთელმა კომპენსაციის სახით 700 000 დოლარი უნდა გადაიხადოს. ამასთან, ლეონარდი დისკვალიფიკაციასა და კონტრაქტის გაწყვეტას გადაურჩა.
კავაიმ თავისი გარემოცვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ სახელფასო ზღვარის გვერდის ავლის განზრახვაზე არაფერი იცოდა. კალათბურთელმა ასევე დაადასტურა, რომ კარიერას „ტორონტო რეპტორსში“ გააგრძელებს.
NBA-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ „კლიპერსშიც“: „გამოძიების შედეგი ეყრდნობა აღქმებს, და არა ფაქტებს. ვაპირებთ, ყველას დავუმტკიცოთ, რომ წესები არ დაგვირღვევია“.