იბერია 1999, ლევან კორღალიძე
Aa
Aa

„ერთი ქულით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ“ | რა თქვა ლევან კორღალიძემ მატჩის შემდეგ

„იბერია 1999“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ „მიალბისთან“ გამართული შეხვედრა შეაფასა. თბილისური კლუბი 1:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 89-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ბოლო წუთებამდე ვიგებდით და სამწუხაროა, რომ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ერთი დადებითი, რაც შეიძლება აღვნიშნო, ისაა, რომ დღევანდელ შეხვედრაში ბრძოლა ვაჩვენეთ და მომენტები შევქმენით. მეორე დადებითი ისაა, რომ 2028/29 წლების სეზონიდან ამ ერთი ქულის წყალობით, ევროტურნირებზე საქართველო ისევ ოთხი გუნდით იქნება. დაკარგულის დაბრუნება ძალიან სასიხარულოა. ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა ან ტელევიზორთან გვქომაგობდა, მინდა მადლობა გადავუხადო.

მჭიდრო გრაფიკის გამო, გატანილი გოლის შემდეგ ძალები ისე მაინც ვერ მოვიკრიბეთ, რომ შეტევაზე გვეფიქრა. ყველაფერს ამას არ ვაბრალებ, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია. როდესაც გუნდს ანგარიში აქვს გასათანაბრებელი, ეს თავისთავად ხდება ხოლმე — შეტევაზე მეტი ძალით გადადის, შენ კი ფიქრობ, გოლი არ გაუშვა და უკან დახევა გიწევს. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ფეხბურთელებისთვის ჩემი დავალება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა: ანგარიშს, დარჩენილ დროს და ა.შ. როცა იგებ და გოლი მეტოქეს სჭირდება, პირველ ნომრად ვერ ითამაშებ. მოგვიწია უკან დახევა და სამწუხაროა, რომ ბოლო წუთებზე გავუშვით.

სიმართლე გითხრათ, გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამ ქულით მოხარული არ ვარ. ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, რომ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ. ყოველთვის გასამარჯვებლად ვიბრძვით და გვინდა, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. მომავალშიც ეს გეგმა გვექნება. ვიბრძოლებთ და ვეცდებით, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

გასაგები და მიღებულია, რომ გულშემატკივარს მეტი უნდა. მეც მეტი შეტევა და აგრესია მინდა. ამას დროც სჭირდება — სულ რაღაც თვე-ნახევარია, რაც გუნდში ვარ. ჩვენს საქმეს ნელ-ნელა ვაკეთებთ და დიდი იმედი მაქვს, ის, რაც დღეს დაგვაკლდა, შემდეგ შეხვედრებში შეიცვლება, თუმცა მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ როგორც მეტოქე გაძლევს საშუალებას, ისე თამაშობ. განსაკუთრებით თუ მას გოლი აქვს გასატანი“.

შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“ მომდევნო შეხვედრას ერთი კვირის შემდეგ გამართავს და 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათიდან, მორიგ დაპირისპირებას ჩაატარებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შეგჭამ!“ | რა უთხრა მერაბმა იანს პირისპირ დგომისას
    „შეგჭამ!“ | რა უთხრა მერაბმა იანს პირისპირ დგომისას