ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა | კიოლნი შტუტგარტთან 1:4 განადგურდა
გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ სტუმრად „შტუტგარტს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი უშანსოდ დამარცხდა და 1:4 განადგურდა.
ლოჩოშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. „შტუტგარტის“ პირველი გოლისას ქართველ მცველს უკეთ თამაში მართებდა. ბილალ ელ ხანუსიმ ლოჩოშვილს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და ანგარიში გახსნა. 42-ე წუთზე ლუკას მინი მომენტი ჰქონდა, თუმცა თავით ბურთს მიმართულება კარგად ვერ შეუცვალა.
მე-60 წუთზე „შტუტგარტმა“ მეორე გოლი შეაგდო და თავი გრიშა პრომელმა გამოიჩინა. 75-ე წუთზე ერმედინ დემიროვიჩმა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, ლოჩოშვილი ჩამოიშორა და „შტუტგარტს“ სამბურთიანი უპირატესობა მოუპოვა.
6 წუთში, „კიოლნმა“ ჩამორჩენა 2 ბურთამდე დაიყვანა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე იოშა ვაგნომანმა ბრწყინვალე გოლი შეაგდო — 4:1.
ცნობისთვის, „კიოლნს“ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს. ლოჩოშვილი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს გამართავენ და საშინაო არენაზე „ვერდერს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.