ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

გოლების გატანა მიყვარს, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო | იეგოიანი ნიდერლანდურ მედიასთან

ნიდერლანდების ერედივიზიეში ექსელსიორმა, რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, უტრეხტი 5:0 გაანადგურა. 31-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, უტრეხტი 10 ფეხბურთელით დარჩა და მასპინძლებმა რიცხვობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენეს. გამარჯვებულთა სასტარტო 11-ეულში ირაკლი იეგოიანმა ითამაშა, 69-ე წუთზე მეკარის მოგერიებულ ბურთზე დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა. ამ გოლით ანგარიში 4:0 გახდა და საბოლოოდ ექსელსიორმა 5:0 მოიგო.

 მატჩის შემდეგ ექსელსიორისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ლიდერი Rijnmond-ს ესაუბრა.

ჟურნალისტი: ირაკლი, რა ემოციები მოჰყვა შენს გოლს?

ირაკლი: დიახ, დიდი ემოცია იყო. უბრალოდ, ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ მიმდინარეობდა თამაში და როცა თავად შეგიძლია გატანა... გოლების გატანა მიყვარს. დიდი ხანია არ გამიტანია, ასე რომ, ნამდვილად მადლიერი და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჟურნალისტი: რაც თვალშისაცემი იყო, იმ მომენტში, როცა შენი გოლი გაუქმდა, ძალიან იმედგაცრუებული ჩანდი. რა ხდებოდა?

ირაკლი: დიახ, ზუსტად. უბრალოდ იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს გოლი გავიტანე... და მერე ხედავ, რომ ალამი აწეულია, რაც ძალიან გწყინს. საბედნიეროდ, გადაწყვეტილება შეცვალეს (გოლი ჩაითვალა), ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ.

ჟურნალისტი: როგორ შეაფასებდი ამ თამაშს?

ირაკლი : ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო ამ სეზონში. როგორც 10 კაცის წინააღმდეგ, ისე 11-ის. ვფიქრობ, სრულად ვდომინირებდით, ბურთთან ძალიან მაგრად ვიყავით, კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით და ბევრი მომენტი შევქმენით. გუნდით ძალიან ვამაყობ.

ჟურნალისტი: რა განწყობაა გუნდში იმის ფონზე, რომ ახლა 31 ქულა გაქვთ, დღეს ქულები აიღეთ... ტელსტარმაც მოიგო... და ჯერ მაინც არაფერია გარანტირებული და საფრთხის წინაშე ხართ.

ირაკლი: განწყობა ისეთია, რომ ყველას გვინდა მოგება და ლიგაში ადგილის შენარჩუნება. ამისთვის გეგმა გვაქვს და ერთად ვმუშაობთ, რომ ეს ყოველ თამაშში ვაჩვენოთ. გუნდი ამას ძალიან პროფესიონალურად უდგება. დიდი ვნებითა და დისციპლინით ვთამაშობთ. ვფიქრობ, უკვე ჩავატარეთ კარგი მატჩები, სადაც 3 ქულის აღება ვერ მოვახერხეთ, დღეს კი ეს შევძელით, ასე რომ, ეს კარგია და ახლა წინსვლას ვაგრძელებთ.

ჟურნალისტი: კიდევ ერთი რამ უნდა ახსნა. ახლახან კამერასთან სანჩეს ფერნანდესი მყავდა და მას შენი მაისური ეცვა.

ირაკლი: (იცინის) ჰო, მას იმ წამს მაისური არ ეცვა, ამიტომ მთხოვა, ინტერვიუსთვის ჩემი ეთხოვებინა.

ჟურნალისტი: მან აღნიშნა, რომ თქვენ კარგი კავშირი გაქვთ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

ირაკლი: დიახ, ნამდვილად. ვფიქრობ, მთელ გუნდთან ძალიან კარგი კავშირი გვაქვს, მაგრამ მე და დენზელს მართლაც განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. მოედანზეც ხშირად ვეძებთ ერთმანეთს პასებით და მოედანს მიღმაც ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

ჟურნალისტი: და ახლა... მწვრთნელმა გაგათავისუფლათ? შეგიძლია დღეს შუადღით მზით ისიამოვნო?

ირაკლი: დიახ, დღეს შუადღით ნამდვილად თავისუფლები ვართ. კარგად დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ, გემრიელად შევჭამთ და ხვალ ისევ საქმეს დავუბრუნდებით.

მიმდინარე სეზონი ირაკლი იეგოიანისთვის ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში სადებიუტოა, 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა  | ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია
ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა | ბუდუ ბრწყინვალე ფორმაშია