ლაშა დვალი
Aa
Aa

სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | დვალის მორიგი აღიარება ბულგარეთში

Sofascore-მა ბულგარეთის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ლაშა დვალი მოხვდა. მას შეფასების სახით 7,24 დაუწერა.

დვალს საკმაოდ სტაბილური სეზონი ჰქონდა, რაც განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარზე ითქმის, 2026 წელს ბულგარეთის ჩემპიონატის 17-ვე მატჩში 90 წუთი ითამაშა, ზოგადად მთელ სეზონში კი 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ცენტრალური მცველისთვის 6 საგოლე მოქმედება საკმაოდ კარგი სტატისტიკაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამარჯვების გოლი ლუდოგორეცთან, როცა გუნდი კონფერენს ლიგაზე გაიყვანა (ვიდეო).

სიმბოლურ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება ლუდოგორეცის შემტევმა პეტარ სტანიჩმა მიიღო (7,45), რომელიც სერბეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეა. დვალთან ერთად დაცვის ცენტრში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან დიმიტროვია (7,20).

ლაშა დვალი სოფიის ცსკა 1948-თან ერთად ბულგარეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ ტრნავას დაუპირისპირდება.

გურამ კაშიას ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ლაშა დვალის როლი, მისი გამოცდილებისა და სტაბილურობის გათვალისწინებით კიდევ უფრო გაიზრდება, ამ თემაზე გადაცემა „ცრუ ცხრიანში'' მამუკა კუკულაძემ ისაუბრა (18:22-დან).



31 წლის ლაშა დვალს სოფიის ცსკა 1948-თან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი დვალს მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები