„მსუბუქი თავის ტკივილი მქონდა“ | ტუხელის თქმით, ინგლისი ვიაგრას არ გამოიყენებს
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მექსიკას დაუპირისპირდება. „სამი ლომი“ „ესტადიო აცტეკაზე“ ითამაშებს, რომელიც ზღვის დონიდან 2 241 მეტრზე მდებარეობს და ამ სიმაღლეზე თამაში ინგლისელებისთვის მარტივი არ იქნება, რასაც მათი მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელიც აღიარებს.
ბოლო დღეებში უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ „სამი ლომის“ სამედიცინო შტაბს შეუძლია, ფეხბურთელებს პრეპარატი „ვიაგრა“ დაუნიშნოს, რათა ისინი პრობლემებს გაუმკლავდნენ. ამ სიმაღლეზე ჰაერში ჟანგბადის დონე შემცირებულია, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ფიზიკურ მაჩვენებლებზე — გაზარდოს დაღლილობა, ააჩქაროს გულისცემა და შეანელოს აღდგენის პროცესი მაღალი ინტენსივობის დატვირთვებს შორის.
„ვიაგრა“ ყველაზე მეტად ერექციული დისფუნქციის მკურნალობით არის ცნობილი, მაგრამ ის ასევე სისხლძარღვებს აფართოებს, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, გულს ნაკლები დატვირთვა ადგება და ორგანიზმი გათხელებული ჰაერიდან ჟანგბადის ათვისებას ბევრად უფრო ეფექტურად ახერხებს. ეს მკვეთრად ზრდის სპორტსმენის გამძლეობას ისეთ გარემოში, სადაც აკლიმატიზაციისთვის დრო არ აქვთ.
ტუხელს პრესკონფერენციაზე ამ თემაზე ჰკითხეს. გერმანელს გაეცინა და განაცხადა: „ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა, ასე რომ, სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. რაც შეეხება სიმაღლეს, სასტუმროს ნომერში დღის განმავლობაში მსუბუქი თავის ტკივილი მქონდა. ისე კარგად ვერ მეძინა, როგორც წინა დღეებში, თუმცა განსაკუთრებული არაფერია — ამას გაუძლებ და შეეგუები.
ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ეს ვარჯიშის პირველივე წუთებში იგრძნეს, თუმცა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო უკეთ უმკლავდებოდნენ. რეალობა ასეთია — აკლიმატიზაციას ვერ მოვასწრებთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა აქ ერთი დღით ადრე იმიტომ ვართ, რომ ეს გარემო გამოვცადოთ და ხვალ, მოთელვისას, ყველაფერს პირველად არ გავუმკლავდეთ“.
ცნობისთვის, ინგლისისა და მექსიკის ნაკრებების მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება, თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა. მოსალოდნელია, რომ უამინდობის გამო შეხვედრის დაწყების დრო გადაიწევს...