სრულფასოვნად ივარჯიშა - გულიაშვილი დაბრუნდა
„რასინგმა“ სამშაბათს „ელჩესთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო. სანტანდერულ კლუბს ვარჯიშზე ერთადერთი ფეხბურთელი ბრაზილიელი მცველი პედრო ფელიპე აკლდა. მან თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე სავარჯიშო შეასრულა, თუმცა სესიის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალურად ჩაატარა.
რაც შეეხება გიორგი გულიაშვილს, ქართველმა ფეხბურთელმა სრულფასოვნად ივარჯიშა. გულიაშვილი „ხეტაფესთან“ მატჩის განაცხადში არ ყოფილა, თუმცა „ელჩესთან“ შეხვედრისთვის განაცხადში მისი მოხვედრა მოსალოდნელია. ინფორმაციას MundoDeportivo ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს გასული კვირიდან დაუბრუნდა. მანამდე გულიაშვილი ტრავმას მკურნალობდა, რომელიც 16 მაისს „რეალ ვალიადოლიდთან“ მატჩში მიიღო.
ვარჯიში „ნანდო იოსუს“ ბაზაზე, „სანტი გუტიერეს კალიეს“ მოედანზე, 11:00 საათზე დაიწყო. ხოსე ალბერტო ლოპესის გუნდმა ორშაბათს აღდგენითი სესია ჩაატარა, სამშაბათის ვარჯიშზე კი ძირითადი აქცენტი ბურთის ფლობაზე, გადაცემებსა და მცირე მოედნის თამაშებზე გაკეთდა. „რასინგი“ „ელჩესთან“ მატჩამდე ოთხშაბათსა და ხუთშაბათსაც ივარჯიშებს.
გიორგი გულიაშვილის დაბრუნება „რასინგისთვის“ მნიშვნელოვანი სიახლეა — ქართველი უკვე სრულად ვარჯიშობს გუნდთან და როგორც უკვე მოგახსენეთ, „ელჩესთან“ მატჩში განაცხადში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.