„ამ ტრავმით ხალხი სახელს ვერ წერს, ილია კი ჩხუბობდა“ | მერაბ დვალიშვილი თოფურიაზე
მერაბ დვალიშვილმა არიელ ჰელვანის გადაცემაში ილია თოფურიაზე ისაუბრა. ჰელვანიმ „მანქანას“ ძველი განცხადებების შესახებ ჰკითხა, რომლებითაც დვალიშვილი „ელ მატადორისადმი“ უპატივცემულობის გამომხატველ ადამიანებს დაუპირისპირდა.
„ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბის შემდეგ ილიას მიმართ უპატივცემულობა ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა. ყველამ ვიცით, რომ მან ნამდვილი ომი გამოიარა. პირველი რაუნდის შემდეგ თვალბუდის გატეხილი ძვლით ჩხუბობდა. ვიღაცამ ეს ძვალი რომ გაიტეხოს, საკუთარ სახელსაც ვერ დაწერს, ილია კი ჩხუბობდა.
მან ოთხრაუნდიანი ომი გაიარა და მეორე მოტეხილობაც მიიღო. ჩემი განცხადებები იმ ხალხისთვის იყო, რომლებიც მომენტს პოულობენ და ილიას, ჩემი სხვა ძმის ან ნებისმიერი მეომრის მიმართ უპატივცემულობას იჩენენ“.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისთან მიღებული დაზიანების შემდეგ თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ილიას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და მალევე გაწერეს. მისი ფიზმომზადების მწვრთნელის, ხესუს გალიოს თქმით, „ელ მატადორს“ ოქტაგონში დაბრუნება წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში შეეძლება.