“მან მატჩის ბედი შეცვალა“ - ესპანეთის მწვრთნელი შენგელიაზე
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შინ ესპანეთთან 21-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოვერტაიმში 91:89 მოვიგეთ.
მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატეო ჩუსმა კომენტარი გააკეთა.
მატეო ჩუსი:
„დასკვნა ისაა, რომ წინ უნდა გავაგრძელოთ სვლა და მუშაობა. უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ სირთულეებს. ამ კვირაში კარგი სამუშაო შევასრულეთ და ამას ვაფასებ. მარცხი ძალიან გვტკენს, მაგრამ ყოველთვის ვერ იმარჯვებ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თავის აწევა და მომდევნო ფანჯრისთვის მომზადებაა.
ვნახავთ, რა გავაკეთეთ არასწორად, მაგრამ დადებით მხარეებსაც გამოვიტანთ. ვერ შევძელით იმ მატჩის დახურვა, რომელსაც კარგად ვაკონტროლებდით. გადამწყვეტ მომენტებში საკმარისად მყარები არ ვიყავით და გამარჯვება ხელიდან გაგვისხლტა.
მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიბრძოლოთ. მსგავსი მარცხები მტკივნეულია, მაგრამ მათგან უნდა ვისწავლოთ. ახლა თავი უნდა ავწიოთ. შენგელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. როდესაც ასეთ დონეზე თამაშობს, მისი გაჩერება ძალიან რთულია.
ვიცოდით, რომ ის საქართველოს ლიდერი იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ვერ შევაჩერეთ. მან მატჩის ბედი შეცვალა. პრობლემა მხოლოდ შენგელიაში არ იყო. ჩვენ გადამწყვეტ წუთებში სიმტკიცე დაგვაკლდა, ვერ დავხურეთ თამაში და მეტოქემ ამით ისარგებლა.“
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ 37 ქულა დააგროვა, რაც ოფიციალურ მატჩებში ნაკრების რეკორდია. ამ მატჩამდე რეკორდსმენები ზაზა ფაჩულია და მაიკლ დიქსონი იყვნენ, 36-36 ქულით. მის ანგარიშზე 10 მოხსნა და 2 პასიც გახლავთ.
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, A ჯგუფში ესპანეთი 11 ქულით პირველზე გავიდა, უკრაინა - 10 ქულით მეორეზე, საქართველო 9 ქულით მესამეზე. სამივე ნაკრები შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, ხოლო დანია 6 ქულით შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა.