„საქართველოსთან რთული მატჩი გველის“ - მონტენეგროს მწვრთნელი
28 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე მონტენეგროს ეროვნული გუნდი იქნება.
მოახლოებული შეხვედრისთვის როგორც ქართველები, ისე მონტენეგროელებიც აქტიურად ემზადებიან. მატჩთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ჩვენი მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზვეზდან მიტროვიჩმა ისაუბრა.
რას ამბობს მიტროვიჩი:
„ტრავმებთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, ზოგიერთ მოთამაშეს, მაგალითად ნემანია რადოვიჩს, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. იოვან კლიაიჩმა ვარჯიში ახლახან დაიწყო, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ერთი-ორი დღით დააგვიანა. ალექსა ილიჩს კლუბში ჰქონდა ვალდებულებები და მის დაბრუნებას 24 აგვისტოს ველოდებით. სრული შემადგენლობით არ ვართ, მაგრამ ვმუშაობთ“.
„პირველ კვირაში აქცენტი ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე იყო, კალათბურთელები სირბილით დავტვირთეთ, რათა მათი ფიზიკური დონე აგვემაღლებინა. მომდევნო ეტაპიდან კი ტაქტიკაზე გადავალთ. მაღლების პოზიციაზე გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა გვყავს ჯორჯე გულიჩი, რომელიც ახალგაზრდული ნაკრებიდან დაგვემატა. როტაციაში 12-13 მოთამაშე გვყავს. ვიმედოვნებ, საქართველოსთან მატჩისთვის უფრო ფართო არჩევანი გვექნება, ყოველ შემთხვევაში მაღალი მოთამაშეების პოზიციებზე მაინც“.
„ზოგიერთ მოთამაშეს შევამოწმებთ. რადოვიჩი და ილიჩი, როტაციის ორი მნიშვნელოვანი კალათბურთელი, ამ თამაშს გამოტოვებენ. ვნახოთ სხვა მოთამაშეებიც, მივცეთ მათ ხუთი ხუთზე თამაშის შეგრძნების საშუალება. ეს ანალიზისთვის გარკვეულ სურათს დაგვანახებს“.
„საქართველოს 14 მოთამაშე ჰყავს, მათ შორის არიან კალათბურთელები NBA-დან და ევროლიგიდან. ძალიან მომთხოვნი და რთული ფანჯრის წინაშე ვდგავართ, რადგან გუნდები ძირითადად სწორედ NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულნი. უკრაინაც დომინანტი იყო; ამბობენ, რომ მიხაილიუკი და სლუგა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალთან“ გააფორმა კონტრაქტი, ითამაშებენ. უბრალოდ გადახედეთ შემადგენლობებს და მიხვდებით, რაზეცაა საუბარი. რთული ფანჯარაა, ვნახოთ. ერთი მოგება შესანიშნავი იქნებოდა, ორი - ფანტასტიკა, და რომც ვერაფერი მოვიპოვოთ, ეს ტრაგედია არ იქნება“.
28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში მონტენეგროს შეხვდება, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას ესტუმრება.