ილია თოფურია, ჟოზე მოურინიო, გიორგი ქოჩორაშვილი, არდა გიულერი
Aa
Aa

„ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალს“ დაუპირისპირდა. ქართველ ფეხბურთელს ტრავმის გამო არ უთამაშია, მისი გუნდი კი 1:4 დამარცხდა, თუმცა მატჩისას იყო ეპიზოდი, რომელსაც ანდალუსიელთა დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

„სევილიას“ მთავარი მწვრთნელის, ლუის გარსია პლასას თქმით, 23-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, არდა გიულერს პეკესთვის იდაყვის ჩარტყმის გამო წითელი ბარათი უნდა მიეღო. ვიდეორეფერის მთავარი მსაჯისთვის, მატეო ბუსკეტს ფერერისთვის არ უთქვამს, ეპიზოდი მონიტორზე გადაემოწმებინა და სევილიელთა თავკაცის უკმაყოფილება სწორედ ამან გამოიწვია.

„25-ე წუთიდან რიცხობრივი უპირატესობა უნდა გვქონოდა. შეიძლებოდა, „რეალს“ მაინც მოეგო, მაგრამ მოედანზე საერთოდ სხვა სიტუაცია უნდა ყოფილიყო. VAR-მა მთავარ არბიტრს არაფერი რატომ არ უთხრა? არ ვიცი, რა მოხდა. შეიძლება, არ უნდოდათ, რომ ელ კლასიკოს წინ „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 9 ქულა ყოფილიყო.

ამ ეპიზოდზე ვიდეორეფერის უნდა ველაპარაკოთ და არა მთავარ მსაჯს, რადგან შეიძლება, მან მართლა ვერაფერი დაინახა. „ბარსელონას“, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩებს უამრავი კამერა იღებს, რის გამოც ეს გადაწყვეტილება გაუგებარია და ვერ ვხვდები, VAR-მა რა გააკეთა“, — განაცხადა „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა.

მატჩის დასრულების შემდეგ Archivo VAR-მა (დამოუკიდებელი სპორტული მედია-სააგენტო და ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც ესპანური ფეხბურთის მასშტაბით მსაჯთა გადაწყვეტილებებს, ვიდეო-ასისტენტის ჩარევებსა და მატჩების მსაჯობას აფასებს), განცხადება გაავრცელა: „VAR-მა არდა გიულერისა და პეკეს ეპიზოდის განხილვა ვერ შეძლო. ხელმისაწვდომი კამერების ჩანაწერების 2 წუთისა და 20 წამის განმავლობაში გადამოწმების შემდეგ, ვერ მოიძებნა კადრი, რომელშიც კონტაქტის წერტილი და დარტყმის ინტენსივობა მკაფიოდ გამოჩნდებოდა. ვინაიდან შესაბამისი კადრი არ არსებობდა, ვიდეორეფერი ვერ ჩაერია“.

გიულერის ეპიზოდზე კომენტარი „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომაც გააკეთა: „არდას ინციდენტის ამსახველი ერთი აშკარა კადრიც კი არ მინახავს. უბრალოდ, ერთი მაინც მაჩვენეთ! მოვითხოვე, რომ იდაყვის ჩარტყმის ამსახველი ვიდეო მაჩვენონ, მაგრამ ჯერჯერობით აშკარა სამხილი არავის წარმოუდგენია. როდესაც მსაჯი ჩვენს სასარგებლოდ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს, ამაზე ყოველთვის შემიძლია ვისაუბრო, ეს არანაირი პრობლემა არაა, თუმცა ვფიქრობ, საპირისპირო უფრო ხშირად ხდება. ეს ბუნებრივი ტენდენციაა“.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი ჟურნალისტი, ხავი მიგელი, გიულერის ეპიზოდს საინტერესოდ გამოეხმაურა და პარალელი ილია თოფურიასთან გაავლო: „არ ვიცოდი, არდა გიულერი UFC-ის დიდი ფანი თუ იყო. ასეთი ძალით ვიღაცას იდაყვს ილია თოფურიაც ვერ ჩაარტყამდა“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მედლები მძიმე წონაში - ძალოსნების წარმატებული გამოსვლა
    მედლები მძიმე წონაში - ძალოსნების წარმატებული გამოსვლა