წიტაიშვილს გატანა შეეძლო - ქართველების დაპირისპირება არ შედგა
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურში ქართველი გულშემატკივრების ყურადღებას „ხეტაფე“ - „რაიოს“ მადრიდული დერბი იქცევდა, რადგან არსებობდა დიდი შანსი იმისა, რომ მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ გიორგი წიტაიშვილსა და საბა საზონოვს ეთამაშათ, თუმცა ქართველების დაპირისპირება არ შედგა, რადგან მასპინძლების დამრიგებელმა ხოსე ბორდალასმა საზონოვი ბოლომდე სათადარიგო სკამზე დატოვა.
ძირითად შემადგენლობაში არც წიტაიშვილი იყო, თუმცა მოედანზე ცვლილებაზე 65-ე წუთზე, ხორხე დე ფრუტოსის ნაცვლად გამოჩნდა. 25 წუთზე ოდნავ მეტ დროში გიორგიმ პასები 83-პროცენტიანი (12-დან 10) სიზუსტით გაანაწილა, ორი საკვანძო გადაცემა შეასრულა და ორიდან ერთი ორთაბრძოლა მოიგო. 79-ე წუთზე გიორგის გატანაც შეეძლო, თუმცა მის დარტყმას ბოლო მომენტში გადაეღობნენ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მადრიდული დერბი ფრედ, 1:1 დასრულდა. მე-11 წუთზე სტუმრები ხორხე დე ფრუტოსის გადაცემით ალვარო გარსიამ დააწინაურა და 28-ე წუთზე „ხეტაფეს“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ტოგოელმა ლეგიონერმა ჯენემ წითელი ბარათი მიიღო. რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, მასპინძლები არ დამარცხდნენ და 56-ე წუთზე ურუგვაელმა მარტინ სატრიანომ წონასწორობა აღადგინა.
ცნობისათვის, ლა ლიგის მომდევნო, მეათე ტურში „ხეტაფე“ 25 ოქტომბერს, სტუმრად „ბილბაოს“ შეხვდება, თუმცა იქამდე საბა საზონოვი და მისი თანაგუნდელები 22 ოქტომბერს, კონფერენს ლიგაზე შვეიცარიის „ლუგანოს“ უმასპინძლებენ. რაც შეეხება „რაიოს“, 24 ოქტომბერს, „ვალეკანო“ „ელჩეს“ უმასპინძლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს