გოგლიჩიძის კარგი მატჩი - საბა მონცას გაუშინაურდა
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის წინა ტურში საბა გოგლიჩიძე „ლაციოსთან“ (1:3) შეხვედრაში პირველივე ტაიმში ცვლილებაზე ჩაერთო და არამხოლოდ „მონცას“ რიგებში, არამედ მთლიანად კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. ბუნებრივია, ასეთი ეფექტური დასაწყისის ფონზე, ივან იურიჩმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს ამჯერადაც ნდობა გამოუცხადა, ძირითადში დააყენა, შეუცვლელად ათამაშა და „კალიარისთან“ (4:0) მოგებულ საშინაო მატჩში საბამ საიმედოდ იასპარეზა.
გოგლიჩიძემ ათბალიანი სისტემით 7.8 მეათედი შეფასება მიიღო, ბურთს 60-ჯერ შეეხო და პასები 93-პროცენტიანი (45-დან 42) სიზუსტით გაანაწილა. საბა წინ ბურთიანად 18-ჯერ გადაადგილდა, 3-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, სახიფათო მომენტი 7-ჯერ განმუხტა, ერთხელ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს დარტყმა დაუბლოკა, 6-დან 5 ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა და 4-დან 2 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.
ცნობისათვის, ამ გამარჯვების შემდეგ „მონცამ“ 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეთოთხმეტე ადგილზე გადაინაცვლა. სერია A-ს მომდევნო, რიგით მერვე ტურში საბა გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდებიან და თამაში 23 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს