გურამ გიორბელიძე
Aa
Aa

„იმედგაცრუებული არ ვარ, მაგრამ გული დამწყდა“ - ინტერვიუ გურამ გიორბელიძესთან

მარტსა და ივნისში გამართულ ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალ ფეხბურთელს მისცა და ყველასდა გასაკვირად, მის რჩეულებს შორის გურამ გიორბელიძე ვერ მოხვდა. 30 წლის მარცხენა მცველი გასულ სეზონში „ერზრუმის“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა და გუნდის თურქეთის სუპერლიგაში გადმოსვლაში უდიდესი როლი ითამაშა. იყო თუ არა სანიოლის მხრიდან იგნორირება მისთვის იმედგაცრუება, ამ და სხვა საინტერესო თემებზე გიორბელიძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

გურამ გიორბელიძე

ყველა ფეხბურთელს აქვს იმის ამბიცია, რომ ნაკრებში იასპარეზოს და ჩემი სურვილიც ეს გახლავთ. იმედგაცრუებას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ცოტა არ იყოს მეწყინა, რომ ასეთი კარგი საკლუბო სეზონის შემდეგ თავის გამოჩენის საშუალება არ მომეცა. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებ და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ჩემი დროც მოვა.

წინა ზაფხულს „ერზრუმთან“ 1+1 სისტემის კონტრაქტი გავაფორმე და შესაბამისად, მომავალ სეზონშიც აქ ვრჩები. სხვა ვარიანტები მქონდა, მაგრამ თურქეთის სუპერლიგაში ასპარეზობის სურვილმა ყველა დანარჩენი გადაწონა, რადგან ჩემი აზრით ევროპის TOP 5 ლიგის ქვეყნების პირველობების შემდეგ თურქეთის ჩემპიონატი საუკეთესოა და აქედან საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შანსი უფრო გამეზრდება.

წინა სეზონში ბოლო ორი ტური რომ რჩებოდა და სუპერლიგაში გადასვლა გარანტირებული გვქონდა, მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემს დასვენებას აპირებდა და შანსის მიცემას ჩემი კონკურენტისთვის გეგმავდა, რომელიც აქაური ფეხბურთელია და ერთი თამაშიც კი არ ჰქონდა ჩატარებული. მე ამაზე დავთანხმდი, რაც ჩემი მხრიდან დიდსულოვან საქციელად ჩათვალეს. სწორედ ამიტომ არ ვითამაშე თურქეთის პირველი დივიზიონის ბოლოსწინა და ბოლო ტურებში.

თურქეთის სუპერლიგაში ჩვენი მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება, თუმცა ერზრუმში ისეთი კლიმატია, რომ აქ ქულების დაგროვება ყველას გაუჭირდება. წინა სეზონი ისე ჩავამთავრეთ, რომ საშინაო არენაზე ერთი მატჩიც არ წაგვიგვია. ზამთარში მინუს 20 გრადუსშიც გვითამაშია. წარმოიდგინეთ ეს ქალაქი ზღვის დონიდან 2600 მეტრზეა და სტუმარი გუნდი საწყისი 15 წუთი ნორმალურად უძლებს ამ ყველაფერს, შემდეგ კი ყველას ძალიან უჭირს.

ცნობისათვის, გურამ გიორბელიძემ შარშანდელ სეზონში „ერზრუმის“ შემადგენლობაში, რომელმაც სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და სუპერლიგის საგზური მოიპოვა, 35 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდს ვერ ვხედავ, მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს | გუცაევი ნაკრებზე
გუნდს ვერ ვხედავ, მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს | გუცაევი ნაკრებზე