არბელოას ეფექტი არსებობდა, მაგრამ.. | ბეტისთან დასასრულის დასაწყისი დაიწყო
ჰექტორ ბელერინის გოლმა მადრიდის რეალისთვის ფაქტობრივად ლა ლიგისთვის ბრძოლა დაასრულა. სამეფო კლუბი ლა კარტუხადან ერთი ქულით წამოვიდა..
ორ თვეში ყველაფერი შეიცვალა — გუნდი, რომელიც საკუთარ ბედს თავად აკონტროლებდა, ახლა უყურებს, როგორ შორდება ბარსელონას.. სხვაობა უკვე იმდენად დიდია, რომ არც ქულების დათვლას აქვს აზრი და არც ილუზიებს.
არადა, ყველაფერი ასე მძიმედ არ იწყებოდა. არბელოას მოსვლის შემდეგ მადრიდელებმა სათამაშო ფორმა გამოასწორეს. გუნდმა ამოისუნთქა.. ვინისიუსი დამშვიდდა, ისევ მნიშვნელოვანი გახდა და „ბლანკოსმა“ თითქოს შეუძლებელი შეძლო.. 24-ე ტურში პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა..
რეალმა ქულები „ელ სადარზე“ დაკარგა, სადაც რაულ გარსიამ 90-ე წუთზე გაიტანა და ამის შემდეგ ნელი დაღმასვლა დაიწყო..
ჩემპიონთა ლიგა ბოლო იმედად მოჩანდა.. ცოტას სჯეროდა, მაგრამ რეალმა მანჩესტერ სიტისთან თავისი კლასი აჩვენა.
თუმცა ბაიერნი სხვა დონე აღმოჩნდა. მიუნხენში განმეორებითი მატჩი განსაკუთრებით მტკივნეული იყო — ანგარიში 2:3 გახდა, ედუარდო კამავინგამ გადამწყვეტ მომენტში მეორე ყვითელი მიიღო, ხოლო ბოლო წუთებში ორი გოლი და სადავო მსაჯობა საბოლოოდ შოკად იქცა ალაინც არენაზე..
სამეფო კლუბი ღირსეულად დამარცხდა, მაგრამ ღირსება ტიტულს ვერ მოიგებს.. ამის შემდეგ გუნდმა კონცენტრაციაც დაკარგა — ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება. ჩუამენის, მილიტაოს და კურტუას არყოფნამ იმოქმედა, მაგრამ ეს შედეგებს სრულად ვერ ხსნის.
არბელოას შედეგიც საგანგაშოა — 23 მატჩში 60.9%-იანი მოგების მაჩვენებელი, რაც ყველაზე ცუდია მინიმუმ 20 მატჩიანი პერიოდის მქონე მწვრთნელებს შორის ბერნდ შუსტერის შემდეგ (2008, 59%). ლა ლიგაშიც მან უკვე უფრო მეტი ქულა დაკარგა, ვიდრე ალონსომ თავის მოკლე პერიოდში.
„არბელოას ეფექტი“ რეალურად არსებობდა — მან გუნდი დროებით გააცოცხლა, დაკარგული ფეხბურთელები დააბრუნა და სეზონის ნაადრევად ჩამოწერა არ დაუშვა. თუმცა ფინალი შეიძლება კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს: „ბარსელონამ“ შესაძლოა ტიტული პირდაპირ „რეალთან“ მოიგოს, ან თუ მანამდე გადაწყვეტილი იქნება, „ბლანკოსს“ მეტოქისთვის საპატიო დერეფნის გაკეთება მოუწიოს — სცენარი, რომელსაც ორი თვის წინ კლუბში ვერავის წარმოედგინა.