მამუკელაშვილის 2 ქულა - ტორონტომ სერიაში გაათანაბრა
სტუმრად წაგებული ზედიზედ ორი მატჩის შემდეგ, „ტორონტომ“ „კლივლენდს“ NBA-ს პლეი ოფის სერიაში საკუთარ დარბაზში ზედიზედ მეორედ მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. კანადელებმა „კავალიერსი“ დაძაბულ ბრძოლაში 4-ქულიანი სხვაობით, 93:89 დაამარცხეს. სანდრო მამუკელაშვილმა კი, ამჯერადაც მცირე დრო მიიღო და შესაბამისად მისი შედეგიანობაც დაბალი იყო.
ქართველი კალათბურთელი „რეპტორსის“ რიგებში ცვლილებაზე გამოჩნდა და საერთო ჯამში პარკეტზე გატარებულ 13 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა ორიდან ერთი ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმო საერთოდ არ უსვრია, პერიმეტრიდან ჩაგდების მისი ერთადერთი მცდელობა კი წარუმატებელი გამოდგა. სანდრომ რვიდან სამი მოხსნა თავდასხმაში შეასრულა, ბურთი არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, კანადაში გამართული ორმატჩიანი სერიის შემდეგ, ფლეი ოფი ისევ კლივლენდში გადაინაცვლებს და ამ გუნდებს შორის რიგით მეხუთე დაპირისპირება სამშაბათს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.