„თუ უკანასკნელი ცეკვაა, მაშინ საუკეთესო იყოს“ - მარკოიშვილი ოლიმპიაკოსისთვის ემზადება
მანუჩარ მარკოიშვილის ბრწყინვალე სამწვრთნელო შესაძლებლობების შესახებ უკვე მთელმა ევროპულმა საკალათბურთო სამყარომ შეიტყო - ევროლიგის პლეი ინის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი სპეციალისტის მომზადებულმა „მონაკომ“ „ბარსელონა“ 79:70 დაამარცხა და კატალონიური გრანდი ტურნირს მიღმა დატოვა. ბუნებრივია, შეხვედრის დასრულების შემდეგ „თავადების“ დამრიგებელი კმაყოფილებას ვერ მალავდა და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.
მანუჩარ მარკოიშვილი
„ბარსელონას“ დამარცხება საოცარი შედეგია. ამ ურთულესი გზის დასაწყისში აქამდე მოსვლა თითქმის შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მაგრამ თვითრწმენისა და შრომის ხარჯზე დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ვამაყობ ჩემი კლუბის კალათბურთელებით, რომელთაც დაცვაში საოცრად იასპარეზეს და მეტოქეს მხოლოდ 70 ქულის დაგროვების საშუალება მისცეს. რა თქმა უნდა, გვქონდა უკანა ხაზში გარკვეული შეცდომები, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვართ და გეგმას ბოლომდე მივყვებოდით.
„ოლიმპიაკოსთან“ მეოთხედფინალური სერიის შეხვედრები „მონაკოში“ ჩემთვის უკანასკნელი ცეკვა იქნება? კლუბში ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო და მხოლოდ დღევანდელი, ან ხვალინდელი დღით ვცხოვრობ. თუ ბერძნებთან მართლაც უკანასკნელი ცეკვა იქნება, დაე ეს ცეკვა საუკეთესო იყოს.
ცნობისათვის, სულ მალე მანუჩარ მარკოიშვილს სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი მიეცემა - საფრანგეთის თასის ფინალში მისი მომზადებული „მონაკო“ „ლე მანს“ დაუპირისპირდება და შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.