მარკოიშვილის მონაკო პლეიოფშია | შენგელიას ბარსელონასთვის ევროლიგის სეზონი დასრულდა
თორნიკე შენგელიას „ბარსელონასთვის“ ევროლიგის სეზონი დასრულდა. პლეიოფის ბოლო საგზურისთვის ბრძოლაში კატალონიელები მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკოს“ დაუპირისპირდნენ. ფრანგებმა საშინაო არენაზე ითამაშეს და 79:70 გაიმარჯვეს.
„მონაკომ“ შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო და პირველი მეოთხედი 26:14 მოიგო. მარკოიშვილის გუნდმა მეორე პერიოდში „ბარსელონაზე“ 2-ით მეტი ქულა ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 49:35-ს იგებდა. მესამე მეოთხედის ბოლოს „ბლაუგრანამ“ ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა.
შენგელია საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აქტივში 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 19 იყო, რაც „ბარსელონას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ამრიგად, მარკოიშვილის გუნდი პლეიოფში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ოლიმპიაკოსი“ იქნება. ბერძნებს საშინაო კედლების უპირატესობა აქვთ და პირველ ორ შეხვედრას საკუთარ პარკეტზე გამართავენ.