ჩემპიონი რუსთავთან დამარცხდა - დილამ ბრძოლაში მოიგო
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-9 ტურის დღეს გამართული ორი მატჩიდან ერთი სენსაციური შედეგით დასრულდა. ელიტაში წელს დაწინაურებულმა „რუსთავმა“ მიმდინარე სეზონში გორის „დილას“, ქუთასის „ტორპედოსა“ და „დინამო ბათუმის“ შემდეგ, კიდევ ერთი სახელოვანი კლუბი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ დაამარცხა. რუსთაველები კაპიტანმა ავთანდილ გუჯაბიძემ მეთხუთმეტე წუთზე ეფექტური დარტყმით დააწინაურა, რასაც სტუმართა რიგებში მალევე ამირან ძაგანიამ უპასუხა. 59-ე წუთზე „იბერიას“ მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მათმა ლუქსემბურგელმა ლეგიონერმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. ცეცაძის შეგირდებმა მატჩის ბოლოს რიცხობრივ უმრავლესობაში ყოფნით ისარგებლეს და 91-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„სპაერი“ - „დილას“ შეხვედრაშიც სენსაცია მწიფდებოდა, რადგან გორელები მეტოქის კარში ბურთის გატანას ვერაფრით ახერხებდნენ. თუმცა, 87-ე წუთზე მასპინძლები მაინც გატყდნენ და გვინეელმა მოჰამედ კანტემ ლაშა მენთეშაშვილის პასით გორელთა მაისურით სადებიუტო გოლით გამოიჩინა თავი.
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-9 ტური ხვალ ორი მატჩით დასრულდება - „გაგრა“ ტყიბულის „მეშახტეს“, ხოლო „დინამო ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.