ქეცბაიას წარმატებული დებიუტი | დინამომ ვაწაძის გოლებით მოიგო
თემურ ქეცბაიას დებიუტი დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამგურალთან შედგა. კრიზისში მყოფმა საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში წყალტუბოში შეძლო გამარჯვების მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ათი კაცით დაასრულა.
ანგარიში 33-ე წუთზე მათე ვაწაძემ გახსნა. მისი აქტიურობის შემდეგ ვინისიუსს საკუთარ საჯარიმოში ბურთი გაშლილ ხელზე მოხვდა, დანიშნული პენალტი ვაწაძემ ზუსტად შეასრულა, მეკარე ლუკა კუტალაძემ დარტყმის მიმართულებავერ გამოიცნო. მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე, დინამოს კომბინაცია ვაწაძის გოლით დასრულდა. როდრიგუ რამუშის გადაცემის შემდეგ ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა და კუტალაძეს ახლო კუთხეში გაუტანა.
37 წლის მათე ვაწაძემ მიმდინარე სეზონში მეოთხედ ითამაშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში პირველად იყო, ამ მატჩში სეზონის გოლების ანგარიშიც გახსნა. 65-ე წუთზე ირაკლი სირაძემ შეცვალა, რომელმაც მოედანზე შესვლიდან მალევე, 70-ე წუთზე, წითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა 82-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ლაშა შერგელაშვილის ჩაწოდების შემდეგ პაბულუ რიანმა თავით გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.
დინამო თბილისის შემადგენლობაში დისკვალიფიკაციის გამო სამგურალთან შეხვედრა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა, საბა ხარებაშვილმა გამოტოვა.
ამ გამარჯვებით დინამო თბილისმა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ამ დროისთვის გუნდი 11 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოს სამგურალი 8 ქულით მეცხრე პოზიციას იკავებს.