Fanatik: დავითაშვილი ბეშიქთაშის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა
ავტორიტეტული თურქული გამოცემა Fanatik-ი „ბეშიქთაშის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და აღნიშნავს, რომ სტამბოლური კლუბის სატრანსფერო სამიზნეებს შორის პირველ ადგილზე „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილია.
„ბეშიქთაში“ ერთი თურქი და ორი უცხოელი შემტევის დამატებას გეგმავს. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სერგენ იალჩინმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც „არწივები“ ზაფხულში უნდა დატოვონ.
ჟოტა სილვას გამოსასყიდი 17 მილიონი ევროა, ამიტომ ის ზაფხულში „ნოტინგემში“ დაბრუნდება. რაც შეეხება ჩენგიზ უნდერს, რომელიც „ფენერბაჰჩეს“ ეკუთვნის, მისი გამოსასყიდი 5 მილიონი ევროა. პერიოდულად უნდერი კარგ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა მას სტაბილურობა აკლია და დიდი ალბათობით კლუბს ზაფხულში ისიც დატოვებს.
ასევე „არწივები“ დაემშვიდობებიან კოსოვოელ ფორვარდ მილოტ რაშიცას, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. ტრავმების გამო თავისი პოტენციალი ვერც ელ ბილალ ტურემ აჩვენა, მაგრამ 15 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვა გამორიცხულია და თუ „ატალანტა“ ამ თანხას არ შეამცირებს, მალელი ფორვარდი ასევე დატოვებს სტამბოლს.
სატრანსფერო სამიზნეების სიაში პირველ ადგილზე ზურიკო დავითაშვილია. 25 წლის ქართველი ვარსკვლავის გადაბირებას „ბეშიქთაში“ იანვარში და გასული წლის ზაფხულშიც ცდილობდა, მიმდინარე სეზონში კი მას 13 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. „ბეშიქთაშის“ მენეჯმენტი მზადაა, ზაფხულში ქართველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი 13 გოლით ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ტაუფიქ ბენთაიებს 3 გოლით ჩამორჩება. რაც შეეხება „სენტ-ეტიენს“, „მწვანეები“ 57 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე არიან, ლიდერ „ტრუას“ კი 58 ქულა აქვს.