ირანი მექსიკაში ვერ ითამაშებს | იტალიის ნაკრები შანსს მიიღებს?
FIFA-მ ირანის თხოვნა არ დააკმაყოფილა. რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ორგანიზაციას წერილით მიმართა, რათა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები მექსიკაში ჩაეტარებინა. ირანს ყველა თამაში აშშ-ში აქვს ჩანიშნული და ქვეყნებს შორის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ირანელთა მუნდიალზე გამოსვლასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანია გაჩენილი.
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ FIFA-მ ირანის თხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, მატჩების გადატანა სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემებთან არის დაკავშირებული და FIFA არ აპირებს პოზიციის შეცვლას.
უცხოურ პრესაში ირანის მუნდიალს მიღმა დარჩენაზე აქტიურად წერენ. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Athletic-მა, განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყველა სცენარისთვის ემზადება და შესაძლოა, უნიკალური გამონაკლისი ვიხილოთ.
The Athletic-ი და RMC Sport-ი აცხადებენ, რომ ირანის ვერ თამაშის შემთხვევაში FIFA პლეიოფის გამართვის იდეას სერიოზულად განიხილავს. მასში აზიისა და ევროპის ორ-ორი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და ისინი მუნდიალის ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ. ერთ-ერთი ევროპული ნაკრები იტალია იქნება, რადგან FIFA-ს რეიტინგში მაღალი პოზიცია უკავია. ასე რომ, არის შანსი, „სკუადრა აძურა“ მსოფლიოზე მაინც ვიხილოთ.