მამუს 9 ქულა რეგულარულის ბოლო მატჩში | პლეიოფში ტორონტოს მეტოქე ცნობილია
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი „ბრუკლინ ნეთსთან“ მატჩით დაასრულა. კანადელებმა საშინაო კედლებში ითამაშეს, მეტოქე 136:101 გაანადგურეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილი დაიკავეს.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი და 38 წამი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. „მამუმ“ 3-დან 3 ორქულიანი გამოიყენა და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
მეორე მეოთხედში სანდრომ ტექნიკური ჯარიმა მიიღო. მსაჯებმა მის წინააღმდეგ დაცვაში ჯარიმა დააფიქსირეს, რაზეც „მამუმ“ ხმამაღლა თქვა: „ეს რა ჯანდაბაა?!“, რის გამოც ტექნიკურით დაისაჯა. საინტერესოა, რომ „ტორონტოს“ მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიაკოვიჩმა ჩელენჯი მოითხოვა და არბიტრებმა გადაწყვეტილება შეცვალეს — სანდრო გაამართლეს და შეტევაში ჯარიმა დააფიქსირეს, თუმცა ტექნიკური ჯარიმა ძალაში დატოვეს.
Sandro Mamukelashvili gets issued a technical foul after some NSFW language reaction to the refs calling a blocking foul (overturned to an offensive foul. ???? pic.twitter.com/TruhsmHBsw
— Omer Osman (@OmerOsman200) April 12, 2026
„ტორონტო რეპტორსმა“ რეგულარული სეზონი 46 მოგებითა და 36 წაგებით დაასრულა. მამუკელაშვილის გუნდი პლეიოფის პირველ რაუნდში „კლივლენდ კავალიერსს“, დაუპირისპირდება, რომელიც 52 მოგებითა და 30 წაგებით მეოთხე ადგილზე გავიდა. „კავსს“ საშინაო კედლების უპირატესობა ექნება და პირველ ორ შეხვედრას საკუთარ პარკეტზე გამართავს.