ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მიხარია, რომ ხვიჩასნაირი ადამიანი და ფეხბურთელი გვყავს“ - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან

ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ დღეს გულშემატკივრებისთვის მორიგი საფეხბურთო შოუს დადგმას შეეცდებიან. პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მიმავალ გზაზე „მონაკოს“, „ჩელსის“, „ლივერპულს“ და „ბაიერნს“ აჯობეს, ამჯერად კი მათი მეტოქე „არსენალი“ იქნება, რომელიც მიმდინარე ტურნირის ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია. როგორ აფასებს ფინალში „სენ-ჟერმენის“ შანსებს და რას ფიქრობს კვარაცხელიას წლევანდელი სეზონის პერფომანსზე, ამის თაობაზე წარსულში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა გოგა გახოკიძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად და ტრადიციულად საინტერესოდ ისაუბრა.

გოგა გახოკიძე

ფინალს თან ყოველთვის დაძაბულობა ახლავს და თანაც, მისი მონაწილეები, „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ საოცარ სეზონს ატარებენ. ფეხბურთელების ინდივიდუალიზმით პარიზელები ბევრად წინ არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „მეთოფეებს“ ძალიან ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავთ და თუ არ ვცდები, ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული.

მიუხედავად ყველაფრისა, დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს პსჟ გაიბრწყინებს და ამას ისევ და ისევ ხვიჩა კვარაცხელიას ხარჯზე მოახერხებს, რადგან რასაც ეს ბიჭი ამ გუნდისთვის და მთლიანად ფეხბურთისთვის აკეთებს, უბრალოდ სასწაულია. მჯერა, რომ დღესაც თამაშის ბედს ის გადაწყვეტს.

ყველამ კარგად იცის, როგორი გულშემატკივარი ვარ ხვიჩასი, მაგრამ რა დონეზეც ის წელს ავიდა, ეს უბრალოდ საოცრებაა. იმედია, ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორედ მოიგებს, რადგან ასეთ შემთხვევაში „ოქროს ბურთის“ ღირსი იქნება და ხმას ვერავინ ამოიღებს, ეს ჯილდომ რომ კვარას მისცენ. უბრალოდ შეხედეთ, ყველა მასზე ლაპარაკობს და ნამდვილად მთელი გუნდია.

ისეთი ნაბიჯებით და ისე სწრაფად მიიწევს წინ, აღფრთოვანებისგან არცკი ვიცი რა ვთქვა. არავინ არ მიწყინოს, მაგრამ Crystalbet ეროვნული ლიგიდან წახვიდე და პირველივე სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდე, ეს ერთეულებსაც კი არ შეუძლიათ. მერე კი გადავიდა პსჟ-ში, სადაც რა დონის ფეხბურთელებს არ ჰქონდათ ნათამაშები და ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებდნენ, კვარამ კი ამის გაკეთება მოახერხა. ხვიჩა ყოველთვის მომწონდა, ის ჩვენი ბრილიანტი კი არა, რა ვიცი რა აღარ არის, მაგრამ მის მსგავს პროგრესს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი ფეხბურთელი და ადამიანი ჰყავს.

პსჟ ბოლო წლებში ევროპის გამორჩეული კლუბი გახდა და დარჩება, თუ წავა, ეს ხვიჩას გადასაწყვეტია. ერთი რამ ფაქტია, მას დიდი არჩევანი ექნება, თუმცა ჩემი აზრით, წავა იქ, სადაც თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობს და ეს კლუბი მადრიდის „რეალია“. ვინისიუსი კვარაზე უკეთესი არც მომტყუებელია, არც პასის კულტურით და არც მოედნის ხედვით არ აღემატება. შეიძლება ახლა არა და ორი წლის შემდეგ, მაგრამ „რეალში“ ხვიჩას დიდი ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-არსენალის ფინალს დღეს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა უნიკალური რეკორდის ზღვარზე - მსგავსი კრიშტიანუს და მესისაც არ გაუკეთებია
ხვიჩა უნიკალური რეკორდის ზღვარზე - მსგავსი კრიშტიანუს და მესისაც არ გაუკეთებია