კვარა ზლატანის რეკორდს ემუქრება - საინტერესო ფაქტები ფინალისტებზე
საკლუბო ფეხბურთში წლის მთავარ მოვლენას, ჩემპიონთა ლიგის ფინალს სპორტის ამ სახეობის ქართველ გულშემატკივრებში ინტერესი აქამდეც არასოდეს აკლდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებით ბოლო ორი წელიწადია აჟიოტაჟი გაათმაგებულია. ბუდაპეშტურ მატჩს წინ უამრავი ინტრიგა უძღვის - მოახერხებს თუ არა „პარი სენ-ჟერმენი“ პრემიერლიგის წარმომადგენლებთან პლეი ოფში წარმატებული სერიის გაგრძელებას და ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გატანილი ბურთების რაოდენობით ყველა დროის რეკორდის დამყარებას. საკუთარი მიზნები გააჩნია „არსენალსაც“ – „მეთოფეებს“ შანსი აქვთ მშრალი მატჩების საუკეთესო შედეგი დააფიქსირონ და ტურნირი წაუგებლად დაასრულონ.
გეტყვით, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ უეფას საკლუბო ტურნირებზე აქამდე 7-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც როგორც პარიზელების, ასევე ლონდონელების ანგარიშზე 2 მოგებაა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ამ კლუბების გზები უკანასკნელად შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთა და ორი მატჩის ჯამში „სენ-ჟერმენმა“ 3:1 გაიმარჯვა. ლონდონში ფრანგებმა უსმან დემბელეს ერთადერთი ბურთით მოიგეს, პარიზში კი მოწინააღმდეგეს 2:1 აჯობეს. „პარკ დე პრენსზე“ ფაბიან რუისის და აშრაფ ჰაკიმის გოლებს „კანონირებმა“ მხოლოდ ბუკაიო საკას ზუსტი დარტყმით უპასუხეს. შარშანდელ დაპირისპირებამდე პსჟ და „არსენალი“ ევროტურნირების პლეი ოფში მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ - 1993-1994 წლების თასების თასის ნახევარფინალში საფრანგეთის დედაქალაქში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ, ლონდონელებმა საკუთარ სტადიონზე მეტოქე 1:0 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. ამ და სხვა საინტერესო სტატისტიკური ფაქტების თაობაზე დეტალურად გიამბობთ.
პსჟ
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის პირველი კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა სამჯერ მოახერხა. შარშან მოპოვებული ტიტულით პსჟ გახდა „მარსელის“ (1993 წელი) შემდეგ ლიგა 1-ის მეორე წარმომადგენელი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო.
„პარი სენ-ჟერმენი“ პირველი კლუბია „რეალის“ შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ ფინალში გასვლა მოახერხა. 2016-2018 წლებში მადრიდელებმა სულაც ზედიზედ სამჯერ ითამაშეს გადამწყვეტ შეხვედრაში და სამივეჯერ გაიმარჯვეს. საუკუნის გარიჟრაჟზე პსჟ-ის მსგავსად მიყოლებით ორი ფინალი ითამაშა „ვალენსიამაც“, თუმცა ექტორ რაულ კუპერის მომზადებული კლუბი ჯერ „რეალთან“, შემდეგ კი „ბაიერნთან“ დამარცხდა.
უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში პსჟ ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გავიდა - 2020 წელს „ბაიერნთან“ (0:1) დამარცხდა, ხოლო შარშან „ინტერს“ 5:0 აჯობა და ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ამა თუ იმ კლუბის მიერ მოპოვებული ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება.
ინგლისის კლუბებთან გამართული პლეი ოფის ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან ხუთივე „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებით დასრულდა. გასულ სეზონში პარიზელებმა მერვედფინალში - „ლივერპულს“, მეოთხედფინალში - „ასტონ ვილას“, ხოლო ნახევარფინალში „არსენალს“ აჯობეს. მიმდინარე გათამაშებაში კი, „ჩელსი“ (მერვედფინალი) და „ლივერპული“ (მეოთხედფინალი) გამოთიშეს ტურნირიდან.
უეფას საკლუბო ტურნირებზე ინგლისის კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული უკანასკნელი 12 მატჩიდან „პარი სენ-ჟერმენმა“ 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გამართული ბოლო 17 მატჩიდან პარიზელებმა 13 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2-ჯერ დამარცხდნენ.
ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ლუის ენრიკეს შეგირდებმა 44 გოლი გაიტანეს და ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენი „ბარსელონაა“, რომელმაც 1999-2000 წლების ტურნირი 45 ბურთით დაასრულა. ფინალში ერთის გატანის შემთხვევაში „პარი სენ-ჟერმენი“ თანარეკორდსმენი, ორს თუ გაიტანს კი რეკორდსმენი გახდება.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „პარკ დე პრენსზე“ გამართული ბოლო 64 მატჩიდან პსჟ-ს ნულოვანი ფრით არც ერთი არ დაუსრულებია.
ლუის ენრიკესთვის მწვრთნელის ამპლუაში ეს რიგით მესამე ფინალი იქნება და წინა ორი მოგებული აქვს. 2015-ში ლუჩომ თასი „ბარსელონას“, ხოლო შარშან პსჟ-ს მოაპოვებინა. მხოლოდ ოთხი მწვრთნელია ისეთი, რომელსაც ეს ტურნირი ორზე მეტჯერ აქვს მოგებული - კარლო ანჩელოტი (5), ბობ პეისლი (3), ზინედინ ზიდანი (3) და პეპ გუარდიოლა (3).
ბუდაპეშტში წარმატების შემთხვევაში ლუის ენრიკე გახდება ისტორიაში მეორე ესპანელი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას/თასს ზედიზედ ორჯერ მოიგებს. პირველად ამის გაკეთება „რეალის“ დამრიგებელმა ხოსე ვილიალონგამ (1956, 1957) შეძლო.
ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პსჟ-ის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 10 გოლი ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი. წელს ამის გაკეთება ხვიჩა კვარაცხელიამ, 2013-2014 წლების სეზონში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოახერხა. ფინალში თუ გაიტანს, ხვიჩა ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.
მხოლოდ პლეი ოფს თუ მივიღებთ მხედველობაში, გოლს პლუს პასის სისტემით ხვიჩა კვარაცხელია (7 გოლი, 2 ასისტი) საუკეთესოა.
პსჟ-ის მხოლოდ ოთხი ფეხბურთელია, რომელმაც წელს ჩემპიონთა ლიგის თექვსმეტივე მატჩში მიიღო მონაწილეობა - ვილიან პაჩო, ვიტინია, უორენ ზაირ-ემერი და ნუნუ მენდეში.
21 წლის და 245 დღის ჟოაუ ნევეში ფინალში თამაშის შემთხვევაში გახდება რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მე-40 (საკვალიფიკაცო ეტაპის შეხვედრები არ ითვლება) თამაშს ჩაატარებს. მასზე ახალგაზრდულ ასაკში მსგავს მაჩვენებელს უორენ ზაირ-ემერიმ (20 წლის და 31 დღის) და ჯუდ ბელინგემმა (21 წლის და 164 დღის) მიაღწიეს.
არსენალი
„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ მეორედ გავიდა - 2006 წელს „მეთოფეებმა“ პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ „ბარსელონასთან“ 1:2 წააგეს.
უკანასკნელ რვა წელიწადში „არსენალი“ ინგლისის მეხუთე წარმომადგენელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა - აქამდე ამის გაკეთება „ლივერპულმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ორჯერ, თითოჯერ კი „ტოტენჰემმა“ და „ჩელსიმ“ მოახერხეს.
ბუდაპეშტში გამარჯვების შემდეგ „არსენალი“ გახდება ინგლისის მეშვიდე კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას/თასს მოიგებს. „მეთოფეები“ „ასტონ ვილას“, „ლივერპულს“, „მანჩესტერ სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ნოტინგემ ფორესტსა“ და „ჩელსის“ შეუერთდებიან. ინგლისი ამ მხრივ რეკორდსმენია - არც ერთ ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაში სამ კლუბზე მეტი გამარჯვებული არ ჰყავს.
შარშანდელ სეზონში პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო, წელს კი გამარჯვების შემთხვევაში „არსენალისთვისაც“ სადებიუტო წარმატება იქნება. ბოლოს ამ ტურნირს ზედიზედ ორი სეზონი ახალი გამარჯვებულები 1992-1993 წლებში ჰყავდა, როდესაც ოქროს მედლები „ბარსელონამ“ და „მარსელმა“ მოიპოვეს.
„არსენალს“ შეუძლია გახდეს ინგლისის მეოთხე კლუბი, რომელიც ერთ სეზონში პრემიერლიგასთან ერთად ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს და ოქროს დუბლს შეასრულებს. წინა სამ შემთხვევაში ეს „ლივერპულმა“ (1977 და 1984 წლებში), „მანჩესტერ იუნაიტედმა“ (1999 და 2008 წლებში) და „მანჩესტერ სიტიმ“ (2023 წელს) გააკეთეს.
ერთადერთი კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არ დამარცხებულა, სწორედ „არსენალია„, რომლის ანგარიშზეც 14 შეხვედრიდან 11 მოგება და 3 ფრეა.
„არსენალმა“ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში მშრალად საკუთარი კარი 9 შეხვედრაში შეინახა და თუ დავიდ რაია ფინალშიც არ გაუშვებს ბურთს, არტეტას კრებული 2006 წლის ფორმაციის „არსენალისა“ და 2016 წლის „რეალის“ მიღწევას გააუმჯობესებს.
მიკელ არტეტა ისტორიაში მეოთხე ესპანელი მწვრთნელია, რომელმაც არაესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა - აქამდე ამის გაკეთება რაფაელ ბენიტესმა (ლივერპული), პეპ გუარდიოლამ (მანჩესტერი) და ლუის ენრიკემ (პსჟ) მოახერხეს.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში „არსენალის“ მაისურით 29 ფეხბურთელმა იასპარეზა, აქედან ყველაზე მეტი 13-13 მატჩი დავიდ რაიამ და გაბრიელ მარტინელიმ ჩაატარეს.
19 წლის და 246 დღის მაიკლ ლუის-სკელი თუ ფინალში ითამაშებს, გახდება ჯუდ ბელინგემის (19 წლის და 104 დღის) შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში 20 მატჩს ჩაატარებს.
ფინალი
ეს არის ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი, სადაც ინგლისისა და საფრანგეთის კლუბები უპირისპირდებიან.
ჩემპიონთა ლიგის/თასის ისტორიაში ეს მხოლოდ მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ორივე მონაწილე ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქს წარმოადგენს. აქამდე მსგავს შემთხვევას ადგილი 1962 წელს „ბენფიკა“ – „რეალის“, 1966 წელს „რეალი“ – „პარტიზანის“ და 1971 წლის „აიაქსი“ – „პანათინაიკოსის“ მატჩებში ჰქონდა ადგილი.
ეს პირველი ფინალია, როდესაც ორივე კლუბის მთავარი მწვრთნელი ერთ ქვეყანას წარმოადგენს - წინ მიკელ არტეტას და ლუის ენრიკეს დაპირისპირება გველის.
ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ 2023 წელს ევროპა ლიგის ფინალი შედგა, სადაც „სევილიამ“ „რომა“ 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა. ამავე არენამ 2020 წლის უეფას სუპერთასის შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ასევე „სევილია“ თამაშობდა და „ბაიერნთან“ 1:2 წააგო.