ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა უნიკალური რეკორდის ზღვარზე - მსგავსი კრიშტიანუს და მესისაც არ გაუკეთებია

ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობა წლევანდელ სეზონში უკვე ფეხბურთის არამხოლოდ ქართველ, არამედ არც ერთი ეროვნების გულშემატკივარს გულგრილს არ ტოვებს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ წარმატება ჩემპიონთა ლიგაში 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამსახურებაა, რომელიც საფრანგეთის საუკეთესო კლუბის ისტორიაში ბევრი დასამახსოვრებელი ფაქტის გამო უკვე შევიდა. კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შეასრულა საგოლე მოქმედება. ერთ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 10 გოლი კი, ხვიჩამდე აქამდე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰქონდა გატანილი, რომელმაც ამის გაკეთება 2013-2014 წლების სეზონში შეძლო.

„არსენალთან“ ბურთის გატანის შემთხვევაში კვარა ზლატანის რეკორდს დაამხობს, თუმცა ქართველს გაცილებით მნიშვნელოვანი, მეტსაც გეტყვით, უნიკალური რეკორდის დამყარება შეუძლია - იმ შემთხვევაში თუ ხვიჩა „მეთოფეების“ კარს აიღებს, ის გახდება ჩემპიონთა ლიგის, ხაზს ვუსვამთ ჩემპიონთა ლიგის და არა ჩემპიონთა თასის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ზედიზედ ორ ფინალში ექნება გოლი გატანილი. რა თქმა უნდა, ამის გაკეთების შანსი შარშანდელი ფინალის სხვა გოლების ავტორებს, სენი მაილუს, აშრაფ ჰაკიმსა და დეზირე დუესაც აქვთ, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი იმედები მთლიანად კვარაზეა დამყარებული, რომლის ანგარიშზეც წლევანდელ ლიგაში უკვე 10 გოლი და 6 ასისტია.

ზედიზედ არ აქვს გატანილი, თორემ ფინალში გატანით ყველა დროის რეკორდსმენი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც ლიგის სამ გადამწყვეტ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. პირველად ამის გაკეთება ლეგენდარულმა პორტუგალიელმა 2008 წლის მოსკოვური მატჩის დროს, „მანჩესტერი“ – „ჩელსის“ შეხვედრაში მოახერხა, როდესაც 26-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა საბოლოოდ მისი გოლი მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა და „იუნაიტედმა“ მხოლოდ 11-მეტრიანების სერიაში შეძლო ლონდონელების დამარცხება.

ამას მოჰყვა კრიშტიანუ რონალდუს გაბრწყინება მადრიდის „რეალში“ - სამეფო კლუბმა 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი 12-წლიანი პაუზის შემდეგ, თანაქალაქელი „ატლეტიკოს“ 4:1 ძლევით მოიპოვა. ამ თამაშიდან ყველას არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში სერხიო რამოსის თავური დარტყმით გატანილი გოლი ახსოვს, საბოლოო აკორდი კი დამატებითი დროის ბოლო წუთზე „ბლანკოსის“ პორტუგალიელმა ბომბარდირმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანით დასვა.

ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო ერაში „რეალმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო, რის გამეორებასაც დღემდე ვერც ერთი კლუბი ვერ ახერხებს. 2016-2018 წლებში „ბლანკოსის“ მონაწილეობით გამართული სამი ფინალიდან კრიშტიანუმ თავი მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს „იუვენტუსთან“ გამოიჩინა - ამ თამაშის პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, შესვენების შემდეგ კი მადრიდელებმა ტურინელებს ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს, რონალდუს ანგარიშზე კი დუბლი იყო.

არსებობს შვიდი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის ორ  სხვადასხვა ფინალში აქვთ გოლი გატანილი და პირველად ამის გაკეთება რაულმა მოახერხა. „რეალის“ ლეგენდარულმა შვიდიანმა თავი ჯერ 2000 წელს პარიზში გამართულ ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში გამოიჩინა, სადაც მადრიდელებმა „ვალენსია“ 3:0 დაამარცხეს და გონსალეს ბლანკომ კლასიკური კონტრშეტევა უმაღლეს დონეზე დაასრულა.

ზუსტად ორ წელიწადში მადრიდელებმა კიდევ ერთხელ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და ფინალში თავი მათმა წამყვანმა თავდამსხმელმა ამჯერადაც გამოიჩინა - რობერტო კარლოსის მიერ აუტიდან გაკეთებული გრძელი გადაცემა რაულმა კარგად დაამუშავა და ისე აიღო ჰანს-იორგ ბუტის კარი.

რაულის მიღწევა ძალიან მალე მალე სამუელ ეტო’ომ გაიმეორა. კამერუნელი ფორვარდისთვის პირველი დასამახსოვრებელი ფინალი 2006 წელს პარიზში შედგა, როდესაც „ბარსელონას“ „არსენალი“ სოლ კემპბელის გოლით ამარცხებდა, თუმცა კამერუნელმა ფორვარდმა ცვლილებაზე შესული ჰენრიკ ლარსონის დახმარებით გათანაბრება მოახერხა, გამარჯვების გოლი კი ბრაზილიელმა განაპირა მცველმა ჟულიანო ბელეტიმ გაიტანა.

ამ ფინალიდან სამი წლის შემდეგ, ეტო’ომ და „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ამჯერად უკვე პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით შეძლეს და „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხეს. ანგარიში კი სწორედ აფრიკელმა ფორვარდმა გახსნა, რომელიც ანდრეს ინიესტას კარგი პასის შემდეგ ნემანია ვიდიჩს იოლად გაუსწორდა და ედვინ ვან დერ საარი დაამწუხრა.

სწორედ ამ ფინალში მოხდა იშვიათი შემთხვევა და ლიონელ მესიმ გოლი თავური დარტყმით გაიტანა - ეს მომენტი ფეხბურთის გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ და ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან ლეო რიო ფერდინანდზე მაღლა ახტა და მეორე სართულზე უმაღლეს დონეზე გაისარჯა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე ბურთი რაულის მსგავსად მესიმაც ორი წლის შემდეგ გაიტანა და ისევ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარი აიღო. რომში გამართულ თამაშთან შედარებით, კატალონიელებმა მანკუნიანელებს კიდევ უფრო მეტად აჯობეს და „ელ მონგოლიკომაც“ კიდევ უფრო შთამბეჭდავი ბურთი გაიტანა.

რონალდუს მსგავსად, მარიო მანძუკიჩსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით აქვს გოლი გატანილი. პირველად ამის გაკეთება ხორვატმა ფორვარდმა „ბაიერნში“ ასპარეზობისას შეძლო, როდესაც „დორტმუნდთან“ (2:1) მოგებულ შეხვედრაში ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის მიერ გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა.

გაცილებით უფრო ეფექტური გახლდათ მარიოს მიერ „იუვენტუსში“ ასპარეზობისას გატანილი გოლი, როდესაც მან 2017 წელს, მადრიდის „რეალის“ კარი ეფექტური დარტყმით აიღო, რითაც ტურინელებს გამარჯვების იმედი დაუბრუნა, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდა სულ ტყუილად და „ბებერი სინიორა“ პირველისგან განსხვავებით, მეორეში საშინლად გამოიყურებოდა.

სერხიო რამოსს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები „ატლეტიკოს“ კარში აქვს გატანილი, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. თუმცა, ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 2014 წლის ფინალის კომპენსირებულ დროში მის თავურ დარტყმას, რადგან ამ გოლით „ბლანკოსმა“ თანაგუნდელი ფსიქოლოგიურად გაანადგურა და თანაც მაშინ სამეფო კლუბმა ლიგა 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

რაც შეეხება როხიბლანკოსთან მეორე ფინალს, რამოსმა და მისმა თანაგუნდელებმა იოლად ამჯერადაც ვერაფერს მიაღწიეს და გამარჯვებულის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა. იქამდე კი სამეფო კლუბის მეოთხე ნომერი მეტოქე გუნდის საჯარიმოში შექმნილი არეულობისას ტრადიციულად ბრწყინვალედ გაირკვა და მორიგი საფინალო ბურთი გაიტანა.

„რეალის“ ბევრი ფეხბურთელის მსგავსად, 2014 წლის ფინალი გარეტ ბეილისთვისაც კარგი გასახსენებელია - რამოსის მიერ წონასწორობის აღდგენით დემორალიზებული „ატლეტიკოს“ კარში დამატებით დროში პირველი გოლი სწორედ მან გაიტანა - უელსელმა თავური დარტყმით როხიბლანკო ანხელ დი მარიას აქტიურობის შემდეგ დაამწუხრა.

გაცილებით მასშტაბური და გადამწყვეტი სიტყვა თქვა სამეფო კლუბის უელსელმა ვარსკვლავმა 2018 წელს „ლივერპულთან“ გამართულ ფინალში - ეს მატჩი უმეტესობას ლორის კარიუსის კურიოზული შეცდომებით დაამახსოვრდა და თუ ბეილის მეორე გოლის დროს მას მართლაც უკეთ მართებდა თამაში, პირველის დროს გარეტს იმდენად ბრწყინვალე დარტყმა გამოუვიდა, რომ კარიუსზე გაცილებით მაღალი კლასის მეკარეც ვერ გაუმკლავდებოდა.

კიდევ ერთი და ჯერჯერობით „რეალის“ ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ორ ფინალში შეძლო თავის გამოჩენა, ვინისიუს ჟუნიორია. პირველად ამის გაკეთება ბრაზილიელმა ვინგერმა 2022 წელს მოახერხა, როდესაც მადრიდელებმა „ლივერპული“ მისი ერთადერთი ბურთის წყალობით დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგეს.

რაც შეეხება ვინისიუსის მეორე გაბრწყინებას, 2024 წელს, როდესაც დანი კარვახალის გოლით დაწინაურებული სამეფო კლუბი „დორტმუნდის“ იერიშებს იგერიებდა, ვინი კონტრშეტევაზე უმაღლეს დონეზე გაისარჯა და გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გაარკვია.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 30 მაისს, ბუდაპეშტში თავის კარიერაში კიდევ ერთ ლამაზ ისტორიას დაწერს და გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ სატიტულო მატჩში აიღებს მეტოქის კარს და საფეხბურთო ვარსკვლავები სწორედ ხვიჩას მიღწევის გამეორებაზე დაიწყებენ ოცნებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია ან ოლისე ლივერპულში? | რას ამბობს იონ-არნე რიისე
კვარაცხელია ან ოლისე ლივერპულში? | რას ამბობს იონ-არნე რიისე