„ფინალში დუბლს შეასრულებს“ - ხვიჩაზე ტაბიძემ ისაუბრა
ჯიმი ტაბიძე წლების განმავლობაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებში ასპარეზობდა და ბუნებრივია, ხვიჩა კვარაცხელიას არაჩვეულებრივად იცნობს. კვარა ასევე ძალიან კარგად ახსოვთ რუსეთის ჩემპიონატში, სადაც მან კარიერის პირველი ნაბიჯები გადადგა და „რუბინში“ ასპარეზობისას, პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ დრიბლიორად ითვლებოდა. „არსენალთან“ ფინალის წინ, „პსჟ“-ის ქართველი ლიდერის შეფასება სწორედ ტაბიძეს სთხოვეს, რომელიც ამჟამად „დინამო მახაჩკალის“ რიგებში თამაშობს და ჯიმიმ თანამემამულის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
რას ამბობს ხვიჩაზე
ხვიჩა ამჟამად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სულ მალე კარიერის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრის, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ფინალის ჩატარება უწევს და ბუნებრივია, უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ. წელს, ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს კვარაცხელია იმსახურებს და ამას ყველას მალე დაუმტკიცებს - „არსენალთან“ ფინალში დუბლს შეასრულებს და ყოველგვარ კითხვის ნიშნებს მოხსნის. კვარა ნამდვილი ფენომენია, ის არარეალურ ფეხბურთს თამაშობს და ნამდვილი უცხოპლანეტელია.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია პირველი და ერთადერთი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფში ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შეძლო საგოლე მოქმედების შესრულება.