ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ფინალში ფავორიტი არ არსებობს“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „არსენალს“ დაუპირისპირდება. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს თამაშზე ისაუბრა.

არსენალთან მატჩზე

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ფინალისთვის როგორ მოემზადოს. საოცარი სტადიონია. ვეცდებით, ბოლო ვარჯიში მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ვიცით, რომ ხვალ მთელი პარიზი აქ იქნება. გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ და ვეცდებით, ჩვენს საუკეთესო დონეზე ვითამაშოთ“.

რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ფინალში

„რთულია იცოდე, გადამწყვეტი ფაქტორი რა იქნება. აშკარაა, რომ ყველაფერს ძალიან პატარა დეტალები გადაწყვეტს. მებრძოლი გუნდი ვართ, რომელმაც იცის, გამოწვევები როგორ გადალახოს და ნებისმიერ სცენარში რა ფეხბურთი ითამაშოს. ფინალს შიშის გარეშე ვხვდებით და ვეცდებით, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ“.

მიკელ არტეტას მიერ არსენალში გაწეულ სამუშაოზე

„საერთოდ არ გამკვირვებია. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მოგებას იმსახურებდნენ. საუკეთესო და ყველაზე სტაბილური გუნდი ჰყავთ. „სიტიც“ იმსახურებდა, მაგრამ „არსენალმა“ 7-წლიანი თუ 6.5-წლიანი შენების პროცესი ასე დაასრულა“.

ხვალინდელი მატჩის მოგების ლეგენდარულობის სტატუსზე

„ყოველთვის, როდესაც ჩვენს გულშემატკივრებს დადებით ემოციებს ვანიჭებთ, ბედნიერები ვხდებით. ასეთი ფინალის წინ მნიშვნელოვანია ფოკუსირებული ვიყოთ იმაზე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მოტივირებული ვართ. მხოლოდ ისტორიის დაწერა კი არ გვინდა, ჩვენი მიზანია მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო გუნდი კიდევ ერთხელ გავხდეთ“.

ბაიერნთან მატჩებიდან გამომდინარე, რა სურს არსენალთან ნახოს

„რა თქმა უნდა, მირჩევნია 5:4 დაფიქსირდეს, რადგან მოვიგეთ. მეორე თამაში ფრედ დასრულდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩით სიამოვნება მივიღე. „მონაკოსთან“, „ჩელსისთან“, „ლივერპულთან“ და „ბაიერნთან“ გამართულ 8 მატჩში ვაჩვენეთ, „პარი სენ-ჟერმენი“ რა დონის გუნდია. ვდომინირებდით და ისეთი მომენტებიც იყო, როდესაც უკან დახევა და ხასიათის ჩვენება დაგვჭირდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავედით, რაც ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესია, და ისტორიის დაწერა გვინდა“.

შარშანდელთან შედარებით, რა იყო მოსამზადებელი ეტაპისას განსხვავებული

„ვარჯიშების მხრივ, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. სეზონის დასკვნით ეტაპზე ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მივეცით და გვქონდა დრო, მეტოქის ანალიზი გაგვეკეთებინა. „არსენალს“ კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო წლებში მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე გვითამაშია. რა თქმა უნდა, მომატება ყოველთვის შეიძლება და ვფიქრობ, შეგვიძლია დაცვა და შეტევა გავაუმჯობესოთ. სწორედ ამისთვის ვვარჯიშობთ. დანარჩენი ფინალს უკავშირდება, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი სტადიონია და მომენტს გამოვიყენებთ“.

არსენალთან და ინტერთან გამართულ ფინალებზე

„ფინალებზე საუბარი ყოველთვის რთულია. შარშანდელი ფინალი გამონაკლისი იყო. ვაჩვენეთ უპირატესობა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩისთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. თუმცა ფეხბურთი ასეთი სპორტია. ვფიქრობ, ფინალს ფავორიტი არ ჰყავს და პატარა დეტალებიც კი უმნიშვნელოვანესი იქნება. 90 წუთის განმავლობაში თამაშში უნდა დავრჩეთ და მომენტები გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, დაძაბულობა და მოლოდინები იქნება და მათ უნდა გავუმკლავდეთ“.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 30 მაისს, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარე გერმანიიდან | ჩიტაურმა 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მეკარე გერმანიიდან | ჩიტაურმა 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა