„საოცარი სეზონი აქვთ, გუნდის ლიდერები არიან“ | მარკინიოსი კვარასა და დემბელეზე
„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა, მარკინიოსმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელიაზე და უსმან დემბელეზე ისაუბრა.
შეკითხვა: „ხშირად ვსაუბრობთ „პარი სენ-ჟერმენზე“, როგორც ერთიან გუნდზე, რამაც თქვენ შარშან ჩემპიონთა ლიგის მოგების საშუალება მოგცათ, მიმდინარე სეზონში კი ფინალამდე ბრწყინვალე გზა გაიარეთ. მიუხედავად ამისა, მინდა ხვიჩა კვარაცხელიაზე და უსმან დემბელეზე გკითხოთ. შეუძლიათ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს მეორე ოქროს ბურთის მოგება?“
„უსმან დემბელეზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან ახლა აქაა. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ძლიერი მხარე გუნდურობაა და მეტოქეს საფრთხეს ყველა პოზიციიდან ვუქმნით. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მოედანზე ყველაფერი გააკეთონ. გვყავს შემტევები, რომლებსაც შეუძლიათ ნახევარდაცვაში, დაცვაში ითამაშონ. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და მოედანზე ბრწყინვალედ გადავაადგილდებით. ლუის ენრიკემ ასეთი გუნდი ააშენა და ბოლო წლებია, მექანიზმი კარგად მუშაობს. ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს და საფრთხე ყველა მათგანიდან მოდის. „პარი სენ-ჟერმენი“ სრულყოფილი გუნდია.
დემბელესა და კვარაცხელიას შესანიშნავი სეზონი აქვთ, განსაკუთრებით გადამწყვეტ მომენტებში გამოირჩევიან. მოედანზე გუნდის ლიდერები არიან და ხვალ, გადამწყვეტ მომენტებში ისინი ძალიან დაგვჭირდებიან. ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს გუნდში თამაშობენ.
გაგვიმართლა, რომ მათნაირი ფეხბურთელები „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ასპარეზობენ. ყველა ქომაგის სახელით, გვსიამოვნებს, რომ მათნაირ ფეხბურთელებს მოედანზე ვხედავთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ: შეტევაში თამაშობენ, დაცვაში ჩამოდიან და „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურს ღირსეულად იცავენ. ისინი ამ გუნდში ყოფნას იმსახურებენ“.
შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 30 მაისს, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.