ზურიკოს პენალტი საკმარისი არ აღმოჩნდა | სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში ვერ დაბრუნდა
საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში, ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეიოფის ფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „ნიცას“ დაუპირისპირდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩში კი „ნიცამ“ 4:1 მოიგო და ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა.
მე-9 წუთზე „სენტ-ეტიენმა“ გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ბურთი გააუქმა. პირველ ტაიმში მომენტი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ — 0:0.
62-ე წუთზე „ნიცა“ დაწინაურდა და ჟონათან კლოსმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა — 1:0. 79-ე წუთზე „სენტ-ეტიენმა“ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დავითაშვილი მივიდა და ქართველმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი პენალტი ბრწყინვალედ შეასრულა — 1:1.
სამწუხაროდ, წონასწორობის აღდგენიდან 2 წუთში „სენტ-ეტიენმა“ მეორე გოლი გაუშვა — „მწვანეების“ კარი კაილ ბუდაშმა აიღო. 87-ე წუთზე ელი ვაი გამოირჩა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:1. „ნიცამ“ ორი მატჩის ჯამში 4:1 იმარჯვა და მომდევნო სეზონში „სენტ-ეტიენი“ კვლავ ლიგა 2-ში იასპარეზებს.
დავითაშვილმა „ნიცას“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. ზურიკო ბურთს 53-ჯერ შეეხო, 36-დან 33 ზუსტი გადაცემა გააკეთა და ორი საკვანძო პასი ჰქონდა. ბურთი სამჯერ დაიბრუნა და 2 ორთაბრძოლა მოიგო.