მიკელ არტეტა
Aa
Aa

„სიმშვიდე, სიმამაცე და გამარჯვების სურვილი“ | არტეტას პრესკონფერენცია ფინალის წინ

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალში „არსენალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული თამაშის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

რა ემოციები აქვს ხვალინდელი თამაშის წინ

„ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. მოსამზადებელმა ეტაპმა ძალიან, ძალიან კარგად ჩაიარა. ფოკუსირებული ვიყავით და დადებითი განწყობა გვაქვს. თამაშისა და ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები გამოსვლის გამო აქ ყოფნა დავიმსახურეთ, ხვალ კი ტიტულის დასაკუთრება უნდა დავიმსახუროთ. იურიან ტიმბერი და ნონი მადუეკე თავს კარგად გრძნობენ და ხვალ სათამაშოდ მზად არიან. ერთადერთი, ვინც არ გვეყოლება, ბენ უაითია“.

გამოიყენებს თუ არა პსჟ ნახევარფინალის მსგავს ტაქტიკას

„დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთებენ, რაც მანამდეც გაუკეთებიათ, თუმცა, დიახ — ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის მოვემზადეთ. უფრო მეტიც, ვცადეთ ჩავწდომოდით, რა განზრახვა აქვთ კონკრეტული ქმედებებისას და რის მიღწევა სურთ. ეს დაგვეხმარება თამაშს ზუსტად ისე მივუდგეთ, როგორც თავად გვსურს“.

ტაქტიკურად რა გადაწყვეტს მატჩის ბედს

„რაც შეეხება შესაძლო შემადგენლობებს, „ატლეტიკოსთან“ მატჩთან შედარებით გაცილებით ნაკლები გაურკვევლობა იქნება. მაშინ ოთხ ან ხუთ ფეხბურთელთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები გვქონდა. ჩემპიონთა ლიგაზე რაც ხდება, ზუსტად ასეთი სპეციფიკისაა — ძალიან ტაქტიკურია. თუმცა არსებობს ერთი უმთავრესი ფაქტორი — ფეხბურთელების ინდივიდუალური დონე. საბოლოო ჯამში, სწორედ ისინი წყვეტენ მატჩის ბედს და დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი დღეც მსგავსი იქნება“.

არის თუ არა პარი სენ-ჟერმენი ფავორიტი

„ისინი ტიტულის დაცვას ცდილობენ. ბოლოს სწორედ მათ ჰქონდათ ამ თასის აღმართვის უფლება. ამჟამად ჩემპიონები ისინი არიან, ჩვენ კი აქ იმისთვის ვართ, რომ ეს ტიტული წავართვათ“.

შემადგენლობის რამდენი ვარიანტი განიხილა ამ მატჩისთვის

„ისე ბევრიც არა, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს დრო დეტალების გასავლელად. გარდა ამისა, ახლა უფრო მეტი სიცხადე გვაქვს იმ კონკრეტულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება მოედანზე გამოვიდნენ. თუმცა თავად მატჩის კონტექსტისა და იმის გათვალისწინებით, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“.

ფინალურ მატჩზე

„მიმაჩნია, რომ ეს არის მომენტის გამოყენების შანსი. აქ მეორედ ვართ და ხვალ გვეძლევა შესაძლებლობა, ამ საფეხბურთო კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი დავწეროთ. ამის მისაღწევად კი მოედანზე სრული სიმშვიდით, უდიდესი სიმამაცითა და გამარჯვების დაუოკებელი სურვილით უნდა გავიდეთ. ჩვენ ეს სამივე თვისება გაგვაჩნია და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიქნებით.“

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 30 მაისს, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი სეზონი აქვთ, გუნდის ლიდერები არიან“ | მარკინიოსი კვარასა და დემბელეზე
„საოცარი სეზონი აქვთ, გუნდის ლიდერები არიან“ | მარკინიოსი კვარასა და დემბელეზე