„რთულ მატჩს ველოდებით“ | ნაკრები რუმინეთთან შეხვედრისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 29 მაისს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში კვლავ 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ შეუერთდებიან. შეკრების მიმდინარეობისა და მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.
ოთარ კიტეიშვილი: „ცოტა განსხვავებული ხასიათის შეკრებაა. ადრე შევიკრიბეთ და შედარებით მეტი დრო გვაქვს მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია ასევე იმ მხრივ, რომ გურამ კაშიას ბოლო თამაშია და ყველას გვინდა, ეს მატჩი ისე ჩატარდეს, როგორც მას შეეფერება.
რთული მატჩისთვის ვემზადებით. ვიცით, რომ რუმინეთი ძლიერი გუნდია. მათ ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარეს, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშიც ითამაშეს. ამ მატჩის მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა წარმოვაჩინოთ“.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს კი ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
წყარო: NAKREBI.GE