ხეტაფე, საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი პირველივე ტაიმში შეცვალეს - ხეტაფე კონფერენს ლიგაზე ითამაშებს

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში საბა საზონოვის „ხეტაფე“ ბელგრადში „პარტიზანს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა, თუმცა შინ 3:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში ხოსე ბორდალასის გუნდმა ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრასა და საზონოვის თამაშს - საბა სასტარტოში იმყოფებოდა, თუმცა მოულოდნელად პირველივე ტაიმში შეცვალეს, მაგრამ ეს ტრავმის გამო არ მომხდარა. აი რას წერს ესპანური გამოცემა futbolfantasy საზონოვის ნაადრევად შეცვლასთან დაკავშირებით:

„უგუნურად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, ბორდალასმა შესვენებამდე საზონოვისკენ გაიშვირა თითი. მწვრთნელმა ცენტრალური მცველი 37-ე წუთზე მას შემდეგ შეცვალა, რაც მან ოთხი ჯარიმა აიღო, ყვითელი ბარათი მიიღო და „პარტიზანის“ შეტევების წინაშე დაუცველი დარჩა.

ქართველი ცენტრალური მცველი 37-ე წუთზე ანდრეს გარსიამ ჩაანაცვლა. მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია და არც ტრავმირებული ჩანდა. შესაბამისად, მყისიერი ოფიციალური განმარტების არარსებობის პირობებში, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მისი თამაშით და მეორე ყვითელი ბარათის მიღების რისკით იყო განპირობებული.

საზონოვს ძალიან რთული პირველი ტაიმი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში დემბა სეკის ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, მალევე გაუჭირდა სერბი თავდამსხმელების მობილურობასა და ინტენსივობასთან გამკლავება. მან მილან ვუკოტიჩზე არასაჭირო ჯარიმა აიღო, შემდეგ საჯარიმოში ჯეის ხელით დაექაჩა, რასაც შესაძლოა პენალტი მოჰყოლოდა, 22-ე წუთზე კი თავდამსხმელთან მორიგი ორთაბრძოლისას გააფრთხილეს. ცოტა ხანში მან ვარდნაში კვლავ დაიგვიანა და მეტოქეს კიდევ ერთი სტანდარტულის შესრულების უფლება მისცა. ბორდალასი შესვენებას არ დაელოდა: მან შეცვალა მცველი, რომელსაც თამაში უჭირდა, და ამით გუნდი პოტენციური გაძევებისგან დაიცვა“.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში „პარტიზანმა“ 53-ე წუთზე ბრაზილიელმა ჟემ ანგარიში გახსნა. 69-ე წუთზე ენეს უნალმა გაათანაბრა. კოიზეკმა 76-ე წუთზე 2:1 გახადა, თუმცა მასპინძლებმა მეტი ვერ შეძლეს და დამატებით დროში შეხვედრის გადაყვანა ვერ მოახერხეს.

ამრიგად, საბა საზონოვის გუნდი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, რომლის წილისყრაც, უკვე დღეს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები