ჩაკვეტაძის კარგი თამაში - გატანა სამჯერ შეეძლო
„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაჩმა გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში პირველად დააყენა და სრულად ათამაშა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ გიორგის ზურგსუკან მომქანცველი სანაკრებო ბატალიები ჰქონდა მოტოვებული, ორმაგად დასაფასებელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვან ფიგურად განიხილავს გერმანელი სპეციალისტი ქართველს და რამდენად დიდ იმედებს ამყარებს გიორგიზე. მართალია ფრიულელები სტუმრად „ტორინოსთან“ 1:2 დამარცხდნენ, თუმცა ამაში ჩაკვეტაძეს ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის, რომელმაც ათბალიანი სისტემით 7.0 შეფასება მიიღო და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
გიორგის გატანა სამჯერ შეეძლო. ჯერ მატჩის დასაწყისში „უდინეზეს“ პირველივე შეტევას ის აგვირგვინებდა, თუმცა დარტყმა მცველს მოხვდა და მიმართულება შეეცვალა. ამას მოჰყვა ქართველის კარგი შერბენა მეტოქის საჯარიმო მოედანში, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა დაასწრო. შეხვედრის ბოლოს კი, ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიუვიდა, ძლიერად დაარტყა, თუმცა უკანასკნელ მომენტში დაუფარეს. მთლიანობაში ჩაკვეტაძეს 3 დარტყმიდან 2 დაუბლოკეს, 2 საკვანძო გადაცემა შეასრულა, პასები 94-პროცენტიანი (64-დან 60) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 79-ჯერ შეეხო, შვიდიდან სამი ორთაბრძოლა მოიგო და ორივე საჰაერო დუელში დამარცხებული გამოვიდა.
ცნობისათვის, ექვს ტურში დაგროვებული 4 ქულით „უდინეზე“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეთხუთმეტე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გიორგი ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „ლეჩესთან“ გამართავენ, რომელიც 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:30 წუთზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს