ქოჩორაშვილის სახლში დაბრუნება - ექვსგოლიანი თრილერი ვალენსიაში
გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდა იმ სტადიონზე, სადაც წლების განმავლობაში ადგილობრივი გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად „სევილიას“ ღირსებას იცავს, სტუმრად „ლევანტეს“ დაუპირისპირდა და „სიუტატ დე ვალენსიაზე“ გამართული მატჩი ნამდვილ თრილერს ჰგავდა, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 3:3 დასრულდა. 54-ე წუთისთვის სტუმრები რობი ურეს და ფელიქს კორეას გოლებით 2:0-ს იგებდნენ, თუმცა 57-ე წუთზე ივან რომერომ სხვაობა შეამცირა. სწორედ ეს ანგარიში ფიქსირდებოდა 88-ე წუთზე, როდესაც მწვრთნელმა ქოჩორაშვილი შეცვალა და დარჩენილ ერთი შეხედვით ძალიან ცოტა დროში კიდევ სამი ბურთი გავიდა. 92-ე წუთზე დელამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ზუსტად სამ წუთში ისააკ რომერომ სევილიელები ისევ წინ გაიყვანა. როდესაც ყველას ეგონა, რომ „დალაქების“ გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, მეასე წუთზე ლევანტელებს ქულა იფეანი ნდუკვემ გადაურჩინა.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, „სევილიას“ ქართველმა ლეგიონერმა 88 წუთის განმავლობაში 4 საკვანძო გადაცემა შეასრულა და თანაგუნდელი ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზეც გაიყვანა, რაც ძალიან მაგარი მაჩვენებელია. გარდა ამისა, გიორგიმ პასები 79-პროცენტიანი (42-დან 33) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 62-ჯერ შეეხო, დრიბლინგის 3 მცდელობიდან წარმატებულად ერთი დაასრულა, „დალაქების“ კართან სახიფათო მომენტი ერთხელ განმუხტა, ორიდან ორი საჰაერო დუელი და რვიდან ხუთი ორთაბრძოლა მოიგო.
ცნობისათის, რვა ტურის შემდეგ „სევილია“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართავენ და „რეალი“ - „სევილიას“ მატჩი 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს