დიაში: “არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი წარმატება არ ახარებთ“
რუბენ დიაშმა „მანჩესტერ სიტის“ გარშემო ატეხილ სკანდალზე დუმილი დაარღვია. ინგლისური კლუბი პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნეს. პორტუგალიელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის მატჩის, „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაამხილა, რომ ფეხბურთელებმა ამ საკითხის განსახილველად შეხვედრა გამართეს.
„როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ვიგრძენით, რომ დაბრუნებისთანავე უნდა გვესაუბრა. ასეც მოვიქეცით, რათა ყველას ერთნაირი წარმოდგენა გვქონოდა მომხდარზე და შინაგანადაც მშვიდად ვყოფილიყავით. ამის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ მუშაობა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ერთად არ ვიყავით, თუმცა მალევე ვისაუბრეთ, დავმშვიდდით და წინსვლა განვაგრძეთ“, — განაცხადა დიაშმა.
პორტუგალიელმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს კლუბის მიმართ ეჭვი არ გასჩენიათ.
„ძალიან კარგად გამოგვდის ჩვენს საქმეზე კონცენტრირება და ყოველთვის გვიხარია, როდესაც სამუშაოდ მივდივართ. მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. ეს ის საკითხებია, რომელთა კონტროლიც შეგვიძლია და რომელთა კეთებაც ყოველთვის ძალიან გვიყვარდა. კლუბის მიმართ სრული ნდობა გვაქვს“
რუბენ დიაშმა განმარტა, რომ გარედან წამოსული კრიტიკა „სიტის“ ფეხბურთელებზე გავლენას არ ახდენს.
„ირგვლივ ბევრი ხმაურია და თითქმის შეუძლებელია, საერთოდ ვერაფერი დაინახო, მაშინაც კი, თუ მაქსიმალურად ცდილობ, პირადი სივრცე დაიცვა. ტელეფონის გამოყენებისას ყველაფრის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუმცა, ხმაური მეტი იქნება თუ ნაკლები, არსი უცვლელია. ეს ადრეც ასე იყო, რადგან ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც ვიგებთ, ჩვენ კი გამარჯვება გვიყვარს. ეს ჩვეულებრივი ვითარებაა — არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი წარმატება არ ახარებთ, რადგან თავადაც იმავე ამბიციისთვის იბრძვიან“, — აღნიშნა პორტუგალიელმა.
„ენფილდზე გამარჯვება განსაკუთრებულია. მნიშვნელობა არ აქვს, რა ვითარებაში ხდება ეს — სეზონის დასაწყისში თუ ბოლოს. ამ გამარჯვებით ერთნაირად ვისიამოვნებთ და ნებისმიერ შემთხვევაში ვიზეიმებთ. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი შედეგი“, — დაასრულა დიაშმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს