ჯანი ინფანტინო, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

Le Monde: ინფანტინომ ტრამპს ნიუ-იორკში „მოჩვენება“ ოფისისთვის დიდი თანხა გადაუხადა

მას შემდეგ, რაც ივნისში The New York Times-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შორის სამსახურის გაწევის სავარაუდო გაცვლის შესახებ დაწერა, ახლა ფრანგული მედიასაშუალებები ამ სავარაუდო შეთანხმების კონკრეტულ ციფრებს ასახელებენ. ფრანგული გამოცემა ამტკიცებს, რომ ფიფამ „ტრამპ ტაუერში“ ე.წ. „მოჩვენება“ ოფისი 2025 წლიდან მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში თითქმის ოთხი მილიონი ევროს სანაცვლოდ იქირავა.

კონკრეტული თანხა 3.19 მილიონ ევროს შეადგენს მე-17 სართულზე მდებარე 450 კვადრატული მეტრი ფართობისთვის, რომელიც ძირითადად ცარიელია. ფრანგული გამოცემის თანახმად, ეს შეთანხმება ინფანტინოსა და ტრამპს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს უსვამს ხაზს.

Le Monde-ის მიერ მოპოვებული, აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტების თანახმად, ფიფა დათანხმდა, რომ ეს თანხა 2025 წლის ივნისიდან ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპანიას გადაუხადოს, რომელსაც დონალდ ტრამპის შვილი, ერიკ ტრამპი ხელმძღვანელობს და რომელიც ამ ქონებას ფლობს და მართავს. კონტრაქტს დირექტორთა საბჭოს ოთხმა წევრმა 2025 წლის მაისში მოაწერა ხელი, სადაც პირველ რიგში გენერალური მდივნის, შვედი მატიას გრაფსტრომის ხელმოწერა ფიგურირებს.

ამავე სტატიის მიხედვით, ამ წარმომადგენლობით ოფისში ფიფას არცერთი თანამშრომელი არ არის მიმაგრებული და დასაქმებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაფერი იცოდა „ტრამპ ტაუერის“ ანექსის შესახებ არსებულ შეთანხმებაზე, სადაც ჯანი ინფანტინოს თავისი ოფისი აქვს.

ფიფა „ტრამპ ტაუერზე“ 2032 წლის ბოლომდეა მიბმული - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ ორგანიზაციას იჯარის შეწყვეტა მოესურვება, ამის გაკეთებას კონტრაქტის ამოქმედებიდან მხოლოდ ხუთი წლისა და შვიდი თვის გასვლის შემდეგ შეძლებს. გარდა ამისა, მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ამისთვის საჭიროა 12 თვით ადრე გაფრთხილება და ექვსი თვის ქირის ექვივალენტური თანხის გადახდა.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, რომლებზეც ფრანგულ მედიასაშუალებას მიუწვდება ხელი, „ტრამპ ტაუერის“ შტაბ-ბინად არჩევამდე ფიფას სხვა ლოკაციები არ შეუსწავლია და სხვა კომპანიებს შორის კონკურსი არ გაუმართავს, განსხვავებით იმისგან, რაც მაიამიში გააკეთა. ამ ფაქტების ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიფას ადმინისტრაციის რამდენიმე წევრმა ოფისის იჯარასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ისინი პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტზე და იმაზე მიუთითებდნენ, რომ პროცესი სტანდარტული პროცედურების დაცვით არ წარიმართა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები