შესაძლოა, არჩევანი საფრანგეთზე გააკეთოს |17 წლის ქართველისთვის ტოპ კლუბები იბრძვიან
„ნიცას“ 19-წლამდე გუნდის ფორვარდმა ანდრია სვანიძემ შესაძლოა კლუბთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმოს, რომელიც 3-წლიანი იქნება. ფრანგული გამოცემა ACTU-ს ცნობით, ანდრიასთვის ბრძოლაში „ვილიარეალი“, „ლაიფციგი“, „მილანი“ და „რომა“ ჩაერთვნენ. გარდა ამისა, ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე ტოპკლუბმა მის შესახებ ინფორმაცია უკვე მოითხოვა. კონკრეტული ინტერესები და ოფიციალური შეთავაზებები უკვე გაკეთებულია.
„ნიჭით სავსე ფეხბურთელია. თავდამსხმელის პოზიციაზე მას ძალიან საინტერესო გადაადგილებები, მოქმედებები და კარის წინ ქირურგიული სიზუსტე აქვს. ის ჩვენთან მოვიყვანეთ და ძალიან სწრაფად დაადასტურა ის, რასაც მასზე ვფიქრობდით: მუდმივად სახიფათოა კარის წინ და ძალიან ზუსტია. ის ნამდვილი ბომბარდირია“ - განაცხადა „არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე პანტალონიმ გადაცემაში Gym Tonic.
აღნიშნულ სტატიაში ასევე ვკითხულობთ: „ახლა მთავარია თავად ანდრია სვანიძის არჩევანი — მოთამაშის, რომელმაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის შემდეგ, შესაძლოა ახლო მომავალში საფრანგეთის ეროვნულ გუნდებს მიანიჭოს უპირატესობა“.
ანდრია სვანიძეს საქართველოს 16 და 17-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2025 წლის ოქტომბერში 17-წლამდე ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისლანდიასთან 14 წუთი ითამაშა, საბერძნეთთან - 19 წუთი. მას შემდეგ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში არ მიუწვევიათ.
ანდრია „გენგამის'' აღზრდილია, 2025 წლის ზაფხულიდან „ნიცას'' აკადემიაშია, მიმდინარე სეზონში 19-წლამდე გუნდში ექვს მატჩში (501 წუთი) 8 გოლი გაიტანა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს