„ტირილი რა საჭიროა? კაცურად მოიქეცი“ | უმარმა მერაბს ახალი მეტსახელი მოუფიქრა
უმარ ნურმაგომედოვმა MMA Fighting-ს ინტერვიუ მისცა და მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ნურმაგომედოვმა „მანქანას“ ახალი მეტსახელი მოუძებნა და აღნიშნა, რომ მათი მტრობა არასდროს დასრულდება.
„მე და მერაბ დვალიშვილი მეგობრები არასდროს ვიქნებით. მას ჩაის დასალევად ან რამე მსგავსზე არასდროს დავპატიჟებ. ეს არასდროს მოხდება, რადგან ბევრ სისულელეს ამბობს და რაღაც სიგიჟე გააკეთა. ახლახან ჩემს მენეჯერზე, რიზვანზე ილაპარაკა და მას გველი თუ რაღაც მსგავსი უწოდა. რიზვანს ჩემი ტვიტერი არასდროს გამოუყენებია. მსგავსი არაფერი უთქვამს, ჩემს სოციალურ ქსელს ჩემ გარდა არავინ იყენებს.
RAF Georgia-ზე მან სცადა, კონფლიქტში ჩემი მეგობრები ჩაერთო. მისთვის არავის არაფერი უთქვამს და არავინ შეხებია. ყველაფერი ვიდეოზე ჩანს. მერაბ, რატომ იტყუები? ხალხს ჰგონია, რომ მასზე ვლაპარაკობ, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ეს არაფერში მჭირდება. როდესაც მერაბზე შეკითხვებს მისვამენ, ვპასუხობ და სულ ესაა. როდესაც ვიღაცასთან მიმართებით პრობლემა გაქვს, კამერები, სოციალური მედია და სხვა ადამიანები არ გჭირდება. თუ შენ მიმართ უპატივცემულობას ვიჩენ, მოდი და ყველაფერი პირში მითხარი, რატომ ტირი? რატომ გამოდიხარ და ამბობ: „მან ჩემ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა და ა.შ“. რატომ? რა მიზანი გაქვს? თუ რამე პრობლემაა, მოდი და პირში მითხარი. როდესაც თბილისში ჩემი მეგობარი მასთან მივიდა, არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ ჰკითხა: „უმარის ზურგს უკან ასე რატომ ლაპარაკობ? წადი და ყველაფერი პირში უთხარი“.
საერთოდ არ მაინტერესებს ეს პატივისცემა და უპატივცემულობა. ფეხებზე მკიდია. ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხომ ასეა? ვინ არის მის ცხოვრებაში, არ მაინტერესებს. შემიძლია გითხრათ, რომ ის კარგი მებრძოლია, მაგრამ სხვა მხრივ — როგორ იქცევა, რას აკეთებს, უპატივცემულობას იჩენს თუ პატივისცემას — არ მაინტერესებს. ეს ჩემი საქმე არაა. მისი მასწავლებელი არ ვარ. მისი ბიძა ან ვინმე არ ვარ, რომ ვუთხრა, რა არის სწორი და არასწორი.
როდესაც დვალიშვილი სტადიონზე ან სადმე არენაზე იმყოფება და რომელიმე ფანი მას შუა თითს უჩვენებს ან რამე ცუდს ეტყვის, დაცვას იშორებს და ეგრევე მასთან სალაპარაკოდ მიდის. იგივე ჩემთანაც გააკეთოს. მოვიდეს და დამელაპარაკოს, თუ მის მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინე. არავინ დაგიჭერს. შეგიძლია, ჩემი ნომერი იპოვო და ადგილი ვნახოთ, სადაც შევხვდებით.
დვალიშვილის მომდევნო ორთაბრძოლა აბუ-დაბიშია. შეგვიძლია, იქ ჩავიდეთ და შევხვდეთ, უბრალოდ მომწერე, კაცური სტილი სწორედ ესაა. კაცური სტილი არაა, როდესაც უპატივცემულობაზე საჯაროდ ტირი. მან მეტსახელი უნდა შეიცვალოს. დვალიშვილმა „მანქანის“ ნაცვლად, „უპატივცემულობა“ უნდა დაირქვას, რადგან მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს. არავითარი „მანქანა“, რადგან ყოველთვის უპატივცემულობაზე ტირის“.
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვი მომდევნო ორთაბრძოლას ჩინეთში გამართავს და სონგ იადონგს დაუპირისპირდება. რაც შეეხება მერაბს, მისი მომდევნო მეტოქე პიოტრ იანია — მათი ჩხუბი 24 ოქტომბერს გაიმართება.