„უპატივცემულობა და მანიპულირება“ - ადესანიამ გუნდიდან წასვლა ასე ახსნა
UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა დაეტოვებინა დარბაზი City Kickboxing, სადაც მრავალი წლის განმავლობაში იუჯინ ბერმანის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.
„ეს რთული გადაწყვეტილება იყო და ვიტყოდი, რომ ურთიერთობის გაწყვეტაზე უარესიც კი გახლდათ. ყველას გვქონია მტკივნეული დაშორებები. როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი: „ამ ადამიანთან ამდენი დრო გავატარე, ამ ურთიერთობაში ამდენი რამ ჩავდე და არ მინდა ამდენი წლის დაკარგვა“. და შენ აგრძელებ ამ ურთიერთობაზე ჩაბღაუჭებას, უპატივცემულობისა და მანიპულაციების მიუხედავად, რადგან არ გინდა, რომ ეს წლები ფუჭად დახარჯული აღმოჩნდეს.
მაგრამ ასაკთან ერთად ვისწავლე მოვლენების ისე დანახვა, როგორიც სინამდვილეშია. ამიტომ, რაც უნდა რთული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება, როგორც კი მივიღე, ყველაფერი საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა. როგორც კი პლასტირი ავიძრე, ხეების მიღმა ტყის დანახვა შევძელი. სასიამოვნო იყო სიცხადის მოპოვება. ვიცოდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ვენდე ჩემს ინტუიციას, ჩემს ინსტინქტებსა და საკუთარ განსჯას. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, რამდენიმე თვე დარბაზში არ გამოვჩენილვარ, რათა ჩემს ობიექტურობაზე გავლენა ვერავის მოეხდინა“,
- განაცხადა ადესანიამ ვიდეოში, რომელიც მის YouTube-არხზე გამოქვეყნდა.
ამჟამად ისრაელ ადესანია ოკლენდში მდებარე კლუბ Unity MMA-ში ვარჯიშობს, რომელიც მისი ყოფილი დარბაზიდან ნახევარი საათის სავალზეა, და სწორედ იქ ემზადებოდა შარაბუტდინ მაგომედოვთან ორთაბრძოლისთვის, რომელიც 5 დეკემბერს ერ-რიადში გასამართი ტურნირის, UFC Fight Night 295-ის მთავარი მოვლენა იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს