პიმბლეტი: მე და თოფურია TUF-ს სიცოცხლეს დავუბრუნებთ
მსოფლიოს უძლიერესმა ლიგამ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, ტელეპროექტ The Ultimate Fighter-ის მიმართ ინტერესი გააცოცხლოს და ის ილია თოფურიასთან ერთად შოუს მომდევნო სეზონის მწვრთნელად დანიშნოს - ამაში დარწმუნებულია ბრიტანელი მსუბუქწონოსანი პედი პიმბლეტი.
„სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას TUF-ში ილია თოფურიასთან ერთად. ექვსი კვირის განმავლობაში მას ჭკუიდან შევშლიდი - არ ეცოდინებოდა, სად გაეხედა და რა ეთქვა, მუდმივად უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებდი. მე და ილია TUF-ს მეათე სეზონის რეიტინგებს დავუბრუნებდით, როდესაც მწვრთნელები ქუინტონ „რემპეიჯ“ ჯექსონი და რაშად ევანსი იყვნენ“,
- განაცხადა პიმბლეტმა Freak MMA-სთან ინტერვიუში.
მეათე სეზონი ტელეპროექტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად ითვლება „რემპეიჯ“ ჯექსონისა და რაშად ევანსის უკიდურესად დაძაბული დაპირისპირების წყალობით, რომლებიც მძიმეწონოსანთა მოწინააღმდეგე გუნდებს ხელმძღვანელობდნენ.
სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ეპიზოდად იქცა მომენტი, როდესაც თავისი ერთ-ერთი შეგირდის მარცხის შემდეგ „რემპეიჯმა“ კარი ანჯამებიდან მოგლიჯა და ფაქტობრივად გაანადგურა. მოგვიანებით მებრძოლები ოქტაგონზე შეხვდნენ და ევანსმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოპოვებული გამარჯვებით ჯექსონი კვლავ დაამწუხრა.
„ასე რომ, თუ TUF-ის მორიგი სეზონის ჩატარებას აპირებთ და გსურთ, რომ მწვრთნელები მოქმედი მებრძოლები იყვნენ, რაც ბოლო რამდენიმე სეზონში არ ყოფილა, დამაყენეთ ილიას წინააღმდეგ და ჩვენ ტელეპროექტს სიცოცხლეს დავუბრუნებთ. ეს მისი აღორძინება იქნება“, - დაამატა პიმბლეტმა.
მანამდე ბრიტანელთან ერთად ტელეპროექტში მონაწილეობის იდეას მხარი დაუჭირეს როგორც თოფურიამ, ისე ლიგის ხელმძღვანელმა, დენა უაითმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს