„ჩემთვის დაბადების დღის საჩუქარი იქნება“ - ომალის პროგნოზი მერაბი-იანის ბრძოლაში
მერაბ დვალიშვილთან ორი მარცხისა და პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ, სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, შონ ომალი მიიჩნევს, რომ ქართველ მებრძოლთან ტრილოგიის დასკვნით მატჩში რუსი გაიმარჯვებს.
„ცუდი არ იქნებოდა, იანს რომ გაემარჯვა. მერაბი რომ გამოვიდეს და მოიგოს, სიამოვნებით ჩავატარებდი მასთან მესამე ბრძოლას, მაგრამ ახლა გულშემატკივრებს ეს არ სურთ, ეს დაპირისპირება დიდად არავის აინტერესებს. ამიტომ, თუ იანი გაიმარჯვებს, ეს ჩემთვის დაბადების დღის შესანიშნავი საჩუქარი იქნება.
ფანების უმეტესობის საყვარელი მებრძოლი იანია და ვფიქრობ, პიოტრის დამარცხება ძალიან რთული იქნება. ბოლო ბრძოლაში რაც მოხდა, ის რომ არ გვენახა, ვიტყოდი: „მერაბს გიჟური გამძლეობა აქვს“. მაგრამ პიოტრსაც გიჟური გამძლეობა აქვს. გვიან რაუნდებში მან მერაბი გატეხა, ამიტომ ახლა რთულია პიოტრზე ფსონი არ დადო.
უბრალოდ მიმაჩნია, რომ უნარების დონით პიოტრი უკეთესია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ შეხვდება ბრძოლას უკეთეს ფორმაში. გარდა ამისა, მერაბს ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ამიტომ პიოტრის გამარჯვებისკენ ვიხრები“,
- განაცხადა ომალიმ UFC on Paramount-თან ინტერვიუში.
სუპერმსუბუქ წონაში პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის ბრძოლა, რომელშიც რუსი საჩემპიონო ქამარს დაიცავს, 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში, UFC 333-ზე გაიმართება, შონ ომალი კი ამ დღეს თავის 32-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.