მერაბ დვალიშვილი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„მინდა, მსოფლიოს დავანახო, რომ საუკეთესო ვარ“ - მერაბი დენიელ კორმიეს ესაუბრა

პიოტრ იანთან ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს, ყოფილ ჩემპიონსა და ამჟამად კომენტატორს, დენიელ კორმიეს ესაუბრა.

DC-და „მანქანის“ დიალოგი საკმაოდ საინტერესო, შინაარსიანი და სახალისოც გამოდგა.

კორმიე - როგორ გრძნობ თავს?

მერაბი - სიმართლე რომ გითხრა, ძალიან კარგად.

კორმიე - შენი ბოლო ბრძოლიდან დიდი დრო გავიდა. როგორი იყო ეს პერიოდი დასასვენებლად და ძალების აღსადგენად?

მერაბი - თავიდან რთული იყო. ბრძოლის ამბებს ველოდი. იმედი მქონდა, რომ თეთრი სახლის ქარდამდე ვიჩხუბებდი, რადგან ვიცოდი, რომ იქ ბრძოლას ვერ მივიღებდით. შემდეგ ეს ლოდინი ცოტა გამირთულდა. არანაირი სიახლე არ იყო. მაგრამ დრო სწრაფად გადის. ახლა უკვე აქ ვარ, ბრძოლამდე სამი დღით ადრე და ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ ვმუშაობდი. როცა ბრძოლის თარიღი ვიცი და ფოკუსირებული ვარ, მერე კონცენტრირება მარტივია და ახლა ყველაფერი კარგადაა.

კორმიე - ლოდინი დამღლელი არ იყო? შარშან ძალიან ხშირად ჩხუბობდი და ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ზედმეტი იყო. გაგიჭირდა იმედგაცრუებასთან გამკლავება, როცა ამდენი ხანი უქმად ყოფნა მოგიწია?

მერაბი - როგორც ვთქვი, სანამ ბრძოლის თარიღს გავიგებდი, რთული იყო. არ ვიცოდი, როდის ვიჩხუბებდი და ეს ცოტა მიჭირდა. მაგრამ სხვა მხრივ, ვარჯიშს ვაგრძელებდი. ჭიდაობით ვიყავი დაკავებული. მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების. იმდენი რამ ხდება ჩემს თავს და სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. ვიცოდი, რომ ახალგაზრდა ვარ და ვიჩხუბებდი, უბრალოდ დროის ამბავი იყო და აი, როგორც იქნა, აქ ვართ.

კორმიე - ჭიდაობა ახსენე და შენ ჰენრი სეხუდოს ეჭიდავე კიდეც და მოუგე. ყველა ამბობდა, რომ უნდა შეგშინებოდა, საქართველოში ამ ბიჭს ეჭიდავე, ბეჭებზე დადე და დაამარცხე. ალბათ ვერც წარმოიდგენდი, რომ სუფთა ჭიდაობაში ჰენრი სეხუდოს მოუგებდი და თან ბეჭებზე დადებდი. რა სიგიჟე იყო ეს?

მერაბი - კი, ეგ ჩემთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სულელი არ ვარ, ვიცი, რომ ჰენრი კარგი მოჭიდავეა. ჭიდაობაში მას მეტი უპირატესობა აქვს, რადგან მთელი ცხოვრება ამას აკეთებს. პლუს, მისი წესები იყო და თავის მოედანზე იყო. დასაწყისში რვა ქულა დავკარგე. ძალიან მალე 8-0 გახდა. ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, ალბათ მომიგებს-მეთქი. მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე. ჭიდაობისთვის ზუსტად ერთი კვირა ვემზადებოდი გადაბმულად და რაღაცები ვიცოდი.

კორმიე - მხოლოდ ერთი კვირა ივარჯიშე?

მერაბი - კი.

კორმიე - და ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგე. ეს სიგიჟეა. მართლა სიგიჟეა.

მერაბი - კი, მაგრამ მეორედ, თვითონ მოითხოვა რევანში და უარი უნდა მეთქვა. აღარასდროს უნდა მეჭიდავა მასთან. მაგრამ ზედმეტად კეთილი აღმოვჩნდი. შემეცოდა და დავთანხმდი. კიდევ ერთი კვირა, შეიძლება ხუთი დღე ვივარჯიშე ჭიდაობაში. მეგონა, მზად ვიყავი. მაგრამ როცა ფეხებში შემომივარდა და ისეთი რაღაც გამიკეთა, რასაც მოჭიდავეები ასწავლიან - მეორე მხარეს გადასვლა... დატრიალებას ვაპირებდი, მაგრამ დამიჭირა. მოკლედ, როცა წამაქცია, ხელი გამეჭედა. კუთხიდან მიძახდნენ, ხელი გამომეღო და როგორც კი ხელი გამოვიღე, ბეჭებზე დამადო. ახლა ანგარიში 1:1-ია. მეორედ უფრო მზად იყო. ჭიდაობისთვის მზად იყო. ჩემი მიზანი მხოლოდ მეორე პერიოდში გადასვლა და მისი კიდევ ერთხელ დაღლა იყო. მჯეროდა, რომ მოვიგებდი, თუ დრო გაიწელებოდა.

კორმიე - შარშან, როცა ჩემპიონი იყავი, სამჯერ იჩხუბე, ტიტული დაიცავი და მეოთხედაც აპირებდი დაცვას, თუმცა ის ბრძოლა წააგე. შენს გრაფიკზე ბევრს ჰქონდა თავისი აზრი. ახლა რომ იხსენებ, ხომ არ ფიქრობ, რომ წლის ბოლოსკენ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლების წინააღმდეგ ზედიზედ ოთხი მოსამზადებელი კემპის გავლა ზედმეტი დატვირთვა იყო?

მერაბი - არ ვნანობ. თუმცა, შეიძლება ცოტა ნაადრევი იყო. ქამრის დაცვიდან ორ თვეში ისევ ვიჩხუბე მასთან. ისე კი არა, რომ მაგრად არ ვვარჯიშობდი, მაგრამ პიოტრ იანთან ბრძოლა სულ სხვაა. ის ძალიან რთული მეტოქეა. ალბათ უფრო ჭკვიანურად უნდა მევარჯიშა და მძიმე სპარინგები არ უნდა გამეკეთებინა. მთელი წელი იმდენად ვხალისობდი ამ პროცესით, რომ უბრალოდ ვვარჯიშობდი, ვჩხუბობდი და თავს არ ვზოგავდი. მეგონა, რომ ამჯერადაც იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ არ გამომივიდა და დავმარცხდი. თუმცა, არ ვნანობ. ახლა რომ მკითხოთ, პიოტრ იანის წინააღმდეგ მოსამზადებლად კიდევ რამდენიმე თვე მჭირდება.

კორმიე: ცოტა მეტი დრო დასასვენებლად.

მერაბი - კი.

კორმიე - მოსამზადებელი კემპების დროს შენი სხეული განგაშის სიგნალს არ გაძლევდა? ახლა, როცა ბრძოლიდან გარკვეული დრო გავიდა, ფიზიკურად რამდენად უფრო დასვენებულად გრძნობ თავს? ერთ კალენდარულ წელში უმარს, შონ ომალის, სენდჰეგენს და მერე პიოტრ იანს ეჩხუბე. მეც ვყოფილვარ ჩემპიონი და ერთ წელში სამჯერ მიჩხუბია. მესამე ბრძოლის მერე ცხრა თვე ვისვენებდი, რადგან ფიზიკურად განადგურებული ვიყავი. შენ კი მეოთხედ სცადე. ახლა, როცა დაისვენე, რამდენად უფრო ენერგიულად გრძნობ თავს და არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც?

მერაბი - ვფიქრობ, ბევრად უფრო დასვენებული ვარ - უფრო მშიერი, მშვიდი და მოდუნებული და ვფიქრობ, გავიზარდე კიდეც. ამ ყველაფრიდან ბევრი რამ ვისწავლე. სულ უფრო და უფრო ვუმჯობესდები.

კორმიე - შენი აზრით, რითი განსხვავდებოდა პიოტრი პირველი ბრძოლისგან?

მერაბი - ფიზიკურად ძლიერი ჩანდა. შენ ხომ პირველ და მეორე ბრძოლაზეც კომენტატორი იყავი, არა?

კორმიე - კი, ორივეზე.

მერაბი - თუ გახსოვს, პირველ ბრძოლაში კისერზე ვკიდებდი ხელს, 20 წამი ვიჭერდი და ვაქანავებდი. როცა მეტოქეს თავს უჭერ, ეს მას ღლის. მაშინ ამის გაკეთება შემეძლო. მაგრამ მეორე ბრძოლაში, როგორც ყველამ ნახა, უბრალოდ ამწია და თავზე დამაგდო. და ყოველ ჯერზე, როცა ფეხებში მივარდებოდა, მეგონა რომ დავახრჩობდი. მაგრამ გილიოტინაზე რომ მივდიოდი, ძალიან ძლიერი კისერი ჰქონდა. კისრის მოხრაც კი ვერ შევძელი. არადა დარბაზში ამას კარგად ვაკეთებ ხოლმე და ხალხს ვიჭერ. ის კი ძალიან ძლიერი იყო. სხვა მხრივ, კარგი თაიმინგი ჰქონდა, ჯებს კარგად იყენებდა. კემპზე ვვარჯიშობდი ჯებზე, მაგრამ როგორც კი ჯებს ვისროდი, მწარედ მხვდებოდა. კარგი თაიმინგი ჰქონდა.

კორმიე - გაგიკვირდა, რომ ამდენს ჭიდაობდა? პირველ ბრძოლაში 40-ჯერ სცადე თეიქდაუნი. გიჟური ტემპი და წნეხი იყო. 25 წუთში უამრავი თეიქდაუნი შეასრულე. მეორე ბრძოლაში კი თითქოს შენი შეტევების შესაჩერებლად თავად დაიწყო თეიქდაუნებზე წამოსვლა. გაგაოცა მისმა მიდგომამ? მართლა მაინტერესებს, რას აკეთებთ ამ რევანშისთვის მოსამზადებლად, რომ დარწმუნდეთ, ისევ შენ იქნები ის, ვინც წინ მიდის და ტემპს კარნახობს?

მერაბი - კი, ახლა ბევრი დრო მქონდა მის შესასწავლად. გავაანალიზე, რას ვაკეთებ კარგად და რას ცუდად. ახლა ვიცი, რა იმუშავებს ჩემთვის და რა არა. ვფიქრობ, ამ ბრძოლას ისევ მოვიგებ, მაგრამ პირველი ბრძოლისგან განსხვავებული იქნება.

კორმიე - შენ ჩემპიონი იყავი და გასულ წელს და შემდეგ ქამარი დაკარგე. შინაგანად რაიმე განსხვავებას ხომ არ გრძნობ? როგორი შეგრძნებაა? მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი სწორედ ის პერიოდია, როცა ტიტულს კარგავ. გრძნობ განსხვავებას ცხოვრებაში, როცა ქამარი აღარ გიკეთია?

მერაბი - სიმართლე გითხრა, არა. არაფერი შეცვლილა. გარშემო კარგი მეგობრები, თანაგუნდელები და ოჯახის წევრები მყავს. სინამდვილეში, ყველა დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს. UFC-ის პერსონალი, მებრძოლები - ყველა. არაფერი შეცვლილა. ქამარი დავკარგე, მაგრამ ცხოვრება მაინც მშვენიერია. უბრალოდ ბრძოლა წავაგე. მე მებრძოლი ვარ. როცა იქ გავდივართ, ვიცით, რომ ორი შედეგი არსებობს - მოგება ან წაგება. ვიცი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და შეცდომებს ვუშვებ. შემიძლია წავაგო, შემიძლია მოვიგო. რა თქმა უნდა, რთული იყო არა მხოლოდ ქამრის და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის დაკარგვა. ზოგადად ბრძოლის წაგებაა რთული.

კორმიე - კი, საშინელებაა. მერაბ, შენ ისეთი ბიჭი ხარ, ვინც საუკეთესო მებრძოლებს ამარცხებდა. დიდი დრო დაგჭირდა სატიტულო შანსის მისაღებად. პიოტრ იანთან ამ ბრძოლას რომ ვუყურებთ, პირველი ბრძოლის წინ თითქოს ერთმანეთი ძალიან არ მოგწონდათ. თითქოს ერთმანეთს უპირისპირდებოდით და არ მოგწონდათ ერთმანეთი. ბრძოლის მერე კი თითქოს მოგეწონათ. დიდი პატივისცემა იყო. ახლა როგორი ემოციური ფონია? პიოტრი ისევ ის კაცია, ვისაც ჩემპიონობისთვის ებრძვი.

მერაბი - ამჯერად სხვანაირი გრძნობაა, რადგან პიოტრი პრესკონფერენციაზე „თრეშ-თოქს“ ცდილობდა, მაგრამ ეს არ მაწუხებს. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია უბრალოდ მოვუგო და სიმშვიდეს მოვიპოვებ. მხოლოდ ის უნდა გავაკეთო, რომ მას და ხალხს ვაჩვენო - მე უკეთესი მებრძოლი ვარ და მისი დამარცხება შემიძლია. ახლა ამაზე ვარ ფოკუსირებული და არა რაიმე ზედმეტზე. ოდესმე მისი მეგობარი თუ გავხდები? არ მგონია. შეიძლება თავისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის კარგია, მაგრამ ისეთი მეგობრები ჰყავს... მის მეგობრებს პატივს არ ვცემ. მისმა ერთმა მეგობარმა ჩემთან სანაძლეოში 50,000 დოლარი წააგო და ამ დრომდე არ ჩაუბარებია.

კორმიე - 50,000 დოლარი არ ჩაგაბარა?

მერაბი - კი. კიდევ ჰყავს ისეთი მეგობარი, რომელსაც სილა გავაწანი და პოლიციაში წავიდა, ციხეში ჩემს ჩასმას ცდილობდა.

DC - ციხეში ჩასმას?

მერაბი - კი, მიჩივლა და ასე შემდეგ. მოკლედ, ეგეთი მეგობრები ჰყავს.

კორმიე - ასე რომ, თქვენ მეგობრები ვერ იქნებით. ვიღაცამ თუ 50,000 დოლარი წააგო, ალბათ მაგის შოვნა უჭირს.

მერაბი - წააგო 50,000 დოლარი. მეორე ისტორია ისაა, რომ ბრძოლის მერე ინტერნეტში  გამოაქვეყნა პოსტი და დაწერა „ჩემი მეგობარი“. მეც ვუპასუხე „ჩემი მეგობარი“. მერე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ახლა მეგობრები ხართო? მან კი უპასუხა, არა, ეგ მე არ ვიყავი, ჩემმა მენეჯერმა დაწერაო. როგორი კაცი აძლევს უფლებას მენეჯერს, მის მაგივრად დაწეროს ტვიტი ან პოსტი გამოაქვეყნოს? ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ? ასეთ ხალხს პატივს არ ვცეცმ. ნამდვილი კაცი ასეთ რამეს არ უნდა უშვებდეს. შენ თუ მიგიცია ვინმესთვის უფლება შენს მაგივრად დაეწერა?

კორმიე - დენი რუბენშტეინმა შექმნა ჩემი ინსტაგრამი, მაგრამ წავართვი. მაგ ბიჭს არ ვენდობი. ცუდ რაღაცებს აკეთებდა ჩემს ინსტაგრამზე. ძალიან ბევრ პირად მესიჯს წერდა ქალებს. ეუბნებოდა, რომ ვითომ მე ვიყავი... ქალების შებმას ცდილობდა და ექაუნთი უკან უნდა წავართვი (სიცილით).

მერაბი - კარგი სტრატეგიაა (სიცილით).

კორმიე - კი, კარგი სტრატეგია იყო. ვითომ, ჰეი, მსოფლიო ჩემპიონი ვარ და რომ მიდიოდნენ, დენი ხვდებოდათ. ეს სიგიჟეა მერაბ. რა გიჟურ სიტუაციაში ჩამაგდო მაგ ბიჭმა. უკან უნდა დამებრუნებინა ექაუნთი. (სიცილით) კარგი, გავაგრძელოთ... მერაბ, რას ნიშნავს შენთვის ამ შაბათ-კვირას ჩემპიონობის მოპოვება?

მერაბი - უბრალოდ სიმშვიდეს მოვიპოვებ. ერთი კვირა მაინც არ ვიფიქრებ ჩხუბზე. უბრალოდ სიმშვიდე მექნება. ცხოვრება ისედაც კარგია და ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ იანის დამარცხება მაკლია, რომ მსოფლიოს ვანახო - მე უკეთესი მებრძოლი ვარ. ქამარი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. უბრალოდ მინდა ეს ბრძოლა მოვიგო და დავმშვიდდე.

კორმიე - ისიამოვნე. კიდევ ერთხელ მადლობა ინტერვიუსთვის. მეგობრებო, მერაბ დვალიშვილი ამ უქმეებზე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის იბრძვის პიოტრ იანის წინააღმდეგ ტრილოგიის მოსაგებად. ეს ბიჭი ფანტასტიკური მებრძოლი და ასევე შესანიშნავი პიროვნებაა. ასე რომ, თვალი ადევნეთ ყველაფერს, რასაც აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია მიმდინარე კვირის უქმეებზე, კერძოდ კი შაბათს, აბუ-დაბიში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბი კარგად შევისწავლე და ახლაც იგივეს გაკეთებას ვაპირებ“ - პიოტრ იანი
    „მერაბი კარგად შევისწავლე და ახლაც იგივეს გაკეთებას ვაპირებ“ - პიოტრ იანი