„მერაბი კარგად შევისწავლე და ახლაც იგივეს გაკეთებას ვაპირებ“ - პიოტრ იანი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქემ, პიოტრ იანმა მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა. რუსი მებრძოლის ინტერვიუს UFC-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
რას ამბობს იანი:
ჩემი და მერაბის ბოლო ბრძოლა? მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, ამიტომ იმ დროინდელი ემოციებისგან ოდნავ დავმშვიდდი, მაგრამ მთლიანობაში ეს შესანიშნავი ბრძოლა იყო. მართლაც არაჩვეულებრივი იყო იმ საქმის გაკეთება და დავალების შესრულება, რაც საწვრთნელ ბანაკსა და მწვრთნელთან ერთად დავგეგმეთ. ამის გამო თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დრო ძირითადად ოჯახთან ერთად გავატარე და, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც ვიზრუნე, რათა ფორმაში დავბრუნებულიყავი. მომენატრა ეს ყველაფერი — აქაური გარემო, ბრძოლის კვირის ატმოსფერო, ამიტომ ამას მოუთმენლად ველოდები.
მე და მერაბმა ოქტაგონზე ერთად გატარებული დროიდან გამომდინარე, ერთმანეთზე ნამდვილად საკმარისი ინფორმაცია დავაგროვეთ, თუმცა მეორე გამარჯვება აშკარად ძალიან დომინანტური იყო. ის კარგად შევისწავლე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჯერადაც ისეთივე გამარჯვება მოვიპოვო და ჩემი შესაძლებლობების ახალი, აქამდე უნახავი მხარეებიც კი გაჩვენოთ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო ბრძოლა იქნება, რადგან დივიზიონის ორი საუკეთესო მებრძოლი ხვდება ერთმანეთს, ასე რომ, წინ ნამდვილი სანახაობა გველის.
რაც შეეხება აბუ-დაბიში ჩხუბს, ძალიან მიხარია, რომ აქ კიდევ ერთხელ ვიბრძოლებ. აქაური გარემო ძალიან მომწონს. ვისიამოვნე იმ სამი თუ ოთხი ბრძოლით, რომლის ჩატარებაც აქ უკვე მომიწია. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მიყვარს აქ დაბრუნება და ვფიქრობ, რომ „კუნძულზე“ ჩემი წაუგებელი სერია გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია მიმდინარე კვირის უქმეებზე, კერძოდ კი შაბათს, აბუ-დაბიში გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს