21 წამით ადრე 5 ქულით აგებდნენ | ოვერტაიმი და ბათუმის პირველი ჩემპიონობა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში „ბათუმმა“ „თსუ“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა ბათუმში გაიმართა და მასპინძლებმა საოცარი შეხვედრა მოიგეს.
მეოთხე მეოთხედში „თსუ-ს“ 9-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, საფინალო სირენამდე 21.2 წამით ადრე კი 5 ქულით იგებდა — 81:76. „ბათუმმა“ მირინ ტომასის სამქულიანით ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, რის შემდეგაც ალექსანდრე ფევაძეზე დაჯარიმდა.
ფევაძემ ორივე საჯარიმო გააფუჭა და მირინ ტომასის საჯარიმოებით „ბათუმმა“ ანგარიში გაათანაბრა — 81:81. „თსუ-ს“ ბოლო შეტევა ჰქონდა, მაგრამ ქუენთინ ჰარდრიქტის ორიანი არაზუსტი აღმოჩნდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებით ხუთწუთეულში ბათუმელები ბრწყინვალე იყვნენ, მეტოქეს ქულა არ ჩააგდებინეს, თავად კი 9 ქულა მიითვალეს — 90:81.
„ბათუმის“ რიგებში საუკეთესო მირინ ტომასი იყო — 28 ქულა, 15 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. გიორგი ოჩხიკიძემ 22 ქულა დააგროვა. კარსონ ბაშამისა და აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 11-11 ქულა იყო. „თსუ-ს“ მხრიდან 24 ქულით კორვისირ მაკკოლი გამოირჩა. გიორგი ტურძილაძემ 23 ქულა დააგროვა, ჰარდრიქტმა — 16. ფინალური სერიის MVP მირინ ტომასი გახდა.