ბედოშვილის ერთადერთი გოლით - იბერიამ ბათუმის დინამოს მოუგო
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ფარგლებში დღეს კიდევ სამი მატჩი გაიმართა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
ანგარიში მე-15 წუთზე „დილას“ განელმა ლეგიონერმა, ბლანკსონ ანოფიმ გახსნა. 43-ე წუთზე ველისოლმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შესვენებამდე გორელებმა გოლის გატანა მაინც მოასწრეს - ანოფის პასის შემდეგ „დილა“ შოთა შეყილაძემ დააწინაურა.
55-ე წუთზე კლაუდიო სებოლინიამ წონასწორობა აღადგინა, გორელებმა მესამე გოლის გატანა სცადეს, თუმცა 90-ე წუთზე სებოლინიას პასით ვინისიუსმა დავით კერესელიძის კარში მესამე გოლი გაიტანა და „სამგურალს“ გასვლაზე 3 ქულა მოუტანა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „რუსთავმა“ „სპაერი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. 29-ე წუთზე რუსთაველები ჟან სოუზა დე ალმეიდამ დააწინაურა. 64-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ ანგარიში გაათანაბრა, 82-ეზე კი ავთანდილ გუჯაბიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ტურის ცენტრალურ მატჩში „მიხეილ მესხზე“ მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერია 1999“-მა ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა - ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე ვახტანგ ბედოშვილმა გაიტანა.
ამგვარად, „იბერიამ“ „ტორპედოსთან“ უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა, ბათუმური გუნდის ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია კი ჩემპიონთან მატჩში შეწყდა.
ხვალ მე-16 ტურს „მეშახტესა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი დახურავს - შეხვედრა წყალტუბოში, 14:00 საათზე გაიმართება.