„თასის მოგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა“ - ოფი შენგელიას დაემშვიდობა
საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა, ლევან შენგელიამ ბერძნული „ოფი“ დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„30 წლის ფეხბურთელმა ჩვენს კლუბში თავისი კვალი დატოვა, არა მხოლოდ საბერძნეთის თასის მოგებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილით, არამედ თამაშის ხარისხითა და მაღალი დონის უნარებით.
ამავდროულად, აღსანიშნავია მისი ხასიათი, ღირებულებები, სამუშაო ეთიკა და პროფესიონალიზმი, რასაც ის როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა აჩვენებდა. მადლობას ვუხდით ლევანს და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერის მომდევნო ეტაპზე“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
ცნობისთვის, შენგელია „ოფიში“ 2024 წლიდან თამაშობდა. 75 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლი და 13 საგოლე პასია. მიმდინარე სეზონში შენგელიამ „ოფისთან“ ერთად საბერძნეთის თასი მოიგო.
სად გააგრძელებს კარიერას 30 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით უცნობია - Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 700 000 ევროა.