ჩიქოვანის ბრწყინვალე გოლი | სუონსის გაუტანა და უოტფორდი მარცხისგან იხსნა (U21)
პრემიერ ლიგის პროფესიონალური განვითარების ლიგაში სუონსისა და უოტფორდის 21-წლამდე გუნდების დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ნიკოლოზ ჩიქოვანმა, რომელმაც უოტფორდში 90 წუთი ითამაშა, მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ამ გოლით გუნდი მარცხისგან იხსნა. მარცხენა ფლანგიდან ბურთი კარგად წაიღო, ერთ ფეხბურთელს გაცდა და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო.
ეს ნიკოლოზის მეორე გოლია უოტფორდის 21-წლამდე გუნდში. პირველი გოლი გასულ თვეში უიგანის 21-წლამდე გუნდს გაუტანა.
შეგახსენებთ, 2025 წლის ზაფხულში ჩიქოვანი დინამო თბილისიდან უოტფორდში გადავიდა, ნახევარი სეზონი იჯარით ბელგიურ შარლერუაში გაატარა, ზამთარში ინგლისურ კლუბს შეუერთდა. ამჟამად, 21-წლამდე გუნდში თამაშობს, თუმცა დიდი პოტენციალი აქვს და უახლოეს მომავალში პირველ გუნდში მის გამოჩენას უნდა ველოდოთ.
იანვარში უოტფორდის სპორტული დირექტორის ასისტენტმა ვალონ ბეჰრამიმ ჩიქოვანის შესახებ ისაუბრა: „ჩიქოვანი კიდევ ერთი პერსპექტიული მოთამაშეა და ძალიან გვიხარია, რომ იჯარის შემდეგ ისევ ჩვენთანაა. ჩვენ ახალგაზრდა, შემტევ მოთამაშეებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ის ბევრს ისწავლის ჩვენს გუნდში ყოფნით. როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში, აქაც მოთმინება გვმართებს, თუმცა მას კარგი მონაცემები აქვს. კმაყოფილები ვართ მისი პროგრესით და გვიხარია, რომ ჩვენთან არის.''.
18 წლის მარცხენა გარემარბს საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, გასულ თვეში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში რამაზ სვანაძემ გამოიძახა, ლატვიასთან სასტარტოში და მალტასთან ცვლილებაზე ათამაშა.